„არ ვლაპარაკობ ამ თემაზე. არ შემიძლია გითხრათ, არ მაქვს ამის უფლება. პასუხისმგებელი მე ვარ, მაგრამ იმის თქვა, თუ რატომ, არ მაქვს. ამ [შეწყალების] უფლების ერთ-ერთი დამახასიათებელია ის, რომ უფლება არ მაქვს კერძო საკითხებზე ვილაპარაკო. მე არ ვიცი, სხვა რას ამბობს, მე ვიცი, რა არის ჩემი პასუხისმგებლობა და ვიცი, რომ ამ ყველაფერზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გამაჩნია და შეგიძლიათ მომკლათ, არ გავაკეთებ კომენტარს“, – უთხრა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის იყო დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი. ამასთან დაავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
ამასთან, „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტს შეწყალებული ჰყავს სისხლის სამართლის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში) გასამართლებული პირიც.