როგორც ეკა ბესელია ამბობს, დეპუტატის მანდატზე უარის თქმის გადაწყვეტილება ზარდიაშვილს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიაღებინა.
„სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ყოველთვის აგვიანებს ხოლმე რეაგირებას. უფრო ადრე, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ვეუბნებოდი, ზარდიაშვილი და მსგავსი ადამიანები ააფეთქებდნენ და დაანგრევენ არა მარტო პარტიას, არამედ პარლამენტსაც, მაშინ რომ დაეჯერებინა უფრო ნაკლებ ზიანს მიიღებდა.
ჩემი პროფესიული და საჯარო ბრძოლის ეტაპზე, მასზე ბევრად ძლიერი ადამიანები მიპირისპირდებოდნენ. არ მახსოვს რომელიმე ყოფილიყო გამარჯვებული - არა იმიტომ, რომ უძლეველი ვარ, არამედ იმიტომ, რომ სიმართლეს ვატარებ თან და არასდროს ვიხევ უკან“,
– განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან.
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატზე უარი დღეს თქვა. როგორც ის ამბობს, არ უნდა პროვოკაციების წყარო იყოს.
ვანო ზარდიაშვილის ამ გადაწყვეტილებამდე, 26 სექტემბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მასსა და ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება მოხდა. ბესელიას გაღიზიანება სავარაუდოდ ზარდიაშვილის რეპლიკას – „ბესელიას მორალი“ მოჰყვა. ის ვანო ზარდიაშვილთან მივიდა და როგორც კადრებიდან ჩანს, სახეში ხელი გაარტყა.