ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიესალმება შედეგს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას აზერბაიჯანში ვიზიტს მოჰყვა.
„ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესებისა და ისტორიის გათვალისწინებით, ქართული საზოგადოებისათვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში არსებული ეკლესიების გახსნა კიდევ ერთი ნაბიჯია გარეჯის კომპლექსისა და მთლიანად საზღვრის დაზუსტების საკითხების მოსაგვარებლად.
აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, აუცილებლად მოიძებნება ორი მეგობარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები ხვალიდან გაიხსნება. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეეძლებათ ეკლესიებში შესვლა მომლოცველებსა და ტურისტებს.