weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უნდათ არჩევნებამდე გაანადგურონ ადამიანები, ვინც შეიძლება კიდევ მოიპოვონ ხმები – ჯიშკარიანი

13:06 შაბათი, 12 ოქტომბერი 2019

„ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი აცხადებს, რომ მის მიმართ სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ბრალდება შეთხზულია. ჯიშკარიანი მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.

„ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომლითაც უნდათ, არჩევნებამდე გაანადგურონ ადამიანები, რომლებმაც შეიძლება მისი ავტორიტეტის, დამსახურების მიხედვით კიდევ მოიპოვონ გარკვეული ხმები.

შეთხზულია ეს ყველაფერი და სპეციალურად არის მიმართული დისკრედიტაციისკენ, სახელის გაფუჭებისკენ. მე თუ სახელი გამიფუჭდება, რა თქმა უნდა, ზიანი მიადგება პოლიტიკურ პარტიასაც“, – აღნიშნა ჯიშკარიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

თამთა თოდაძე, რომელიც 2017 წლიდან ილია ჯიშკარიანის თანაშემწე იყო, ამბობს, რომ 2019 წლის 30 სექტემბერს, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში ჯიშკარიანმა მის მიმართ სექსუალური ძალადობა განახორციელა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც დაზიანებები მიიღო. თოდაძის თქმით, ილია ჯიშკარიანმა ბიუროში არსებული ტექნიკა დააზიანა და ტელეფონი დაუმტვრია. ქალი ამბობს, რომ გაქცევა მოახერხა და სახლში მისულმა პოლიცია 16:44 საათზე გამოიძახა, თუმცა სამართალდამცველები დანაშაულის ადგილზე ღამის 3 საათზე მივიდნენ, როდესაც ოთახი დალაგებული და ინციდენტის კვალი წაშლილი იყო.

ილია ჯიშკარიანი და მისი ადვოკატი თოდაძის მონაყოლს უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ ტექნიკა თავად ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა დაამტვრია, ტელეფონი კი წაიღო. ჯიშკარიანის თქმით, თამთა თოდაძე ოფისიდან გასვლის დროს დაემუქრა „შენ გნახავ, რასაც გიზამო“. ილია ჯიშკარიანის თქმით, ელოდა, რომ თანაშემწე მას ბოდიშს მოუხდიდა.

„ოფისის თანამშრომლებს დავუძახე და ვთქვით, ასეთი რაღაც შეემთხვა თამთას და ასეთი რაღაც ბევრჯერ შემთხვევია და ბევრჯერ ყოფილა, მერე მეგობრებთან მოუხდია ბოდიში. იცით თქვენ, იმ დღესვე იხადა ბოდიში? ნინო ამირეჯიბი, რომელიც მაგ ოფისში მუშაობდა დაურეკა და „მთვრალი კი ვარ, მაგრამ ბოდიშს გიხდი, ნინო, მაპატიე ყველაფერიო“. ამიტომ გვქონდა მაგის იმედი.

მაგას როგორ ვიფიქრებდი, რომ ძალადობაზე მიჩივლებდა მე ეგ პატარა გოგო, შვილისტოლა გოგო. ძალიან გაბრაზებული ვარ ამ ახლაგზარდა გოგონაზე“, – განაცხადა ილია ჯიშკარიანმა.

ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. მას ბრალად ედება თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების განხორციელება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცემა. ბრალის სიმძიმისა და დაზარალებული მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად, 11 ოქტომბერს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ გამართულ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება მოითხოვა. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება.

ილია ჯიშკარიანი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი 2014 წლიდან არის. პირველი ვადით ის „ქართული ოცნების“ პარტიული სიით იქნა არჩეული, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად კი ისნის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]