weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ივანიშვილის ხელის ბიჭი და ივანიშვილის ნაყიდი – სააკაშვილი ბოკერიაზე

12:28 ორშაბათი, 14 ოქტომბერი 2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას ინტერვიუს, რა დროსაც ბოკერიამ „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა. სააკაშვილის შეფასებით, გიგა ბოკერია „ივანიშვილის მიერ ნაყიდს“ ჰგავს.

„თუ ადამიანი გამოიყურება როგორც ივანიშვილის ნაყიდი, საუბრობს, როგორც ივანიშვილისგან ფულის ამღები, მებრძვის მე ფორმულით „ყველას მინუს მიშა“, ის არის ივანიშვილის ხელის ბიჭი და ივანიშვილის ნაყიდი.

საქართველოში აუცილებლად გათენდება! P.S. ვულოცავ ჩემს მეგობარ კაჩინსკის პოლონეთში არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას! გამარჯვება იქაურ ქოცებზე და ევროქოცებზე! მალე საქართველოში!“ – დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.

„მთავარი არხისთვის“ მიცეულ ინტერვიუში გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოპულიზმში დაადანაშაულა.

„სანამ არჩევნებამდე მივალთ, ყველამ უნდა ავუხსნათ ამომრჩეველს, რის გაკეთებას ვაპირებთ. ყოველთვის, როცა მსხვილი პოლიტიკური ძალა ეწევა მარქსისტურ-მემარცხენე პოპულიზმს, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა, რომ მდიდრები გავაკულაკოთ; სისულელეს, რომ სმარტფონებით ავირჩიოთ ხელისუფლება და მათ შორის, მოსამართლეები; როდესაც ცდილობს „პატრიოტთა ალიანსს“ შეეჯიბროს უცხოელების მიმართ სიძულვილში, ეს უნდა ვამხილოთ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ეხმარება ივანიშვილს, არასწორია და ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რას აძლევს ხმას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობის მემკვიდრეა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ამ მემკვიდრეობას ყველა მიმართულებით დაშორდა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩევლებში ნიჰილიზმს აღვივებს.

„ჯერ სააკაშვილის მეშვეობით კამპანიას ეწევიან, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს. ამით ახდენენ ამომრჩევლის ნაწილის დემოტივაციას. არჩევნების მიმართ უიმედობის დანერგვა პოლიტიკური სიბრიყვეა. მერე იწყებენ ლაპარაკს, რომ არჩევნებს ვერ გააყალბებენ, მერე იძახიან, რომ გააყალბეს, მაგრამ „ამას არ დავთმობთ“, მერე მიტინგზე იძახიან, რომ ახლავე წერტილს დაუსვამენ, მაგრამ იმ მიტინგზე არაფერი ხდება და მათ ლიდერებსა და მომხრეებს იჭერენ, მერე სააკაშვილი იძახის, „ახლავე ჩამოვალ“ და არ ჩამოდის. იმედგაცრუების, ნიჰილიზმის გარდა, რას აღვივებს ეს? ხელს უშლის ივანიშვილის დამარცხებას“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელია, დავით კირკიტაძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრები იქცეოდნენ „აბსოლუტურად უსინდისოდ“, რადგან „ევროპულ საქართველოს“ ივანიშვილთან შეკრულობას აბრალებდნენ.

 „მიუხედავად ამისა, მშვენივრად მიიღეს ჩვენი მხარდაჭერა, როდესაც საქმისთვის საჭირო გახდა. მე ვაპირებ, რომ იგივენაირად მივიქცე, თუ იძულებული გავხდი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ გავხდე იძულებული, რადგან მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის ასე ჯობია“, – აღნიშნა ბოკერიამ და დასძინა, რომ ნარატივი „ევროქოცები“ სააკაშვილმა შექმნა კონკურენციის გამო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]