„არ გაგიგიათ სხვებისგან „ევროქოცებს“ რომ გეძახიან?“ – ჰკითხა ბოკერიას გადაცემა „მთავარი აქცენტების“ წამყვანმა, ნიკა გვარამიამ.
„როგორ არ გამიგია. ეს ნარატივი სააკაშვილმა შექმნა შიდა კონკურენციის გამო. ეს არის „ოცნების“ და ბიძინას სტილში მოქმედება“, – განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობის მემკვიდრეა - მისი ჩავარდნებისაც და მიღწევებისაც, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ამ მემკვიდრეობას ყველა მიმართულებით და ყველა საკითხში დაშორდნენ.
„ეკონომიკურ ლიბერალიზმში ავიღოთ, კლასიკურ ლიბერალიზმს ვგულისხმობ, სეკულარული სახელმწიფოს ამბავში, პროდასავლურ არჩევანში – ყველაფერში. ივანიშვილის დამარცხება არის ეროვნული ამოცანა, იმიტომ, რომ ეს კაცი არის ამ ქვეყნის არსებობის საფრთხე, მაგრამ მას რომ დავამარცხებთ, სწრაფად ვიქნებით გამოსასვლელი ამ კრიზისიდან და ამ სწრაფად გამოსვლისას, ჩვენ არ გვჭირდება პოპულისტები, რომლებიც ივანიშვილის სტილში ყველაფერს დაპირდებიან ხალხს და მოატყუებენ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.