weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უნდათ მაქსიმალურად ცნობადები გახდნენ ჩემი სახელის ხსენებით – კუბლაშვილი კრიტიკაზე

16:21 ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი არასერიოზულს უწოდებს მისი ერთ-ერთი კოლეგის, ვასილ მამულაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის დაცვის დროს, კუბლაშვილმა პროფესიული ეთიკის ნორმები დაარღვია.  

„ძალიან არასერიოზულია ეგ განცხადება და მიმართულია საკუთარი პიარის, რეკლამის გაკეთებისკენ. ამ ადამიანებს უნდათ მაქსიმალურად ცნობადები გახდნენ ჩემი სახელის ხსენებით. მე უკვე მივმართე ეთიკის კომისიას. აუცილებლად გაეცემათ პასუხი კანონითა და წესითა და რიგით“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა „რუსთავი 2“-თან სატელეფონო კომენტარში.

კუბლაშვილი ადვოკატთა ასოციაციის წევრმა, ვასილ მამულაშვილმა გააკრიტიკა. მისი შეფასებით, სექსულაურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის დაცვის დროს, კუბლაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები, როდესაც ის „მატყუარას“ უწოდებს დაზარალებულსა და მის ადვოკატს, მთლიანად ადვოკატთა კორპუსის რეპუტაციას აზარალებს.

„დაცვის უფლება არ გულისხმობს მხოლოდ ცალსახად კლიენტის უფლებებისა და ინტერესების დაცვას. მე არ შევდივარ მარიამ კუბლაშვილის სტრატეგიაში, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ადვოკატებმა კვალიფიციური იურიდიული რჩევა მივცეთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.

ის დაუსაბუთებელი ბრალდებები, რომლებიც იყო გაჟღერებული დაზარალებულის მიმართ, შეიძლება გაჟღერდეს მხარის მიერ, მაგრამ ადვოკატს მეტი ვალდებულება აკისრია. როდესაც ადვოკატი სხვა ადვოკატს ღია დებატებში იწვევს, აქ ირღვევა კოლეგიალობის პრინციპი. ჩემი აზრით, ეს ადვოკატისთვის შეუფერებელი ქცევაა“, – განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

მამულაშვილმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს მოუწოდა, მარიამ კუბლაშვილის განცხადებები შეაფასოს: „დაცვის განხორციელების პროცესში, საჯარო გამოსვლების დროს რამდენად იყო პროფესიული ეთიკის ნორმები დაცული. კუბლაშვილის შემთხვევაში ხომ არ ვლინდება ისეთი ქმედებები, რაც ადვოკატთა კორპუსის რეპუტაციაზე ახდენს გავლენას“.

მარიამ კუბლაშვილმა სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი თამთა თოდაძე და მისი ადვოკატი სატელევიზიო დებატებში 14 ოქტომბერს გამოიწვია.

თამთა თოდაძე, რომელიც 2017 წლიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის თანაშემწე იყო, ამბობს, რომ 2019 წლის 30 სექტემბერს, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში ჯიშკარიანმა მის მიმართ სექსუალური ძალადობა განახორციელა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც დაზიანებები მიიღო. თოდაძის თქმით, ილია ჯიშკარიანმა ბიუროში არსებული ტექნიკა დააზიანა და ტელეფონი დაუმტვრია. ქალი ამბობს, რომ გაქცევა მოახერხა და სახლში მისულმა პოლიცია 16:44 საათზე გამოიძახა, თუმცა სამართალდამცველები დანაშაულის ადგილზე ღამის 3 საათზე მივიდნენ, როდესაც ოთახი დალაგებული და ინციდენტის კვალი წაშლილი იყო.

ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. მას ბრალად ედება თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების განხორციელება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცემა. ბრალის სიმძიმისა და დაზარალებული მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად, 11 ოქტომბერს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ გამართულ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება მოითხოვა. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]