weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები არ გაიზიარა

00:00 ხუთშაბათი, 27 ივლისი 2017

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობისა და საარჩევნო თემატიკაზე  3 საკანონმდებლო პაკეტს შეეხებოდა, არ გაიზიარა და ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტის მიერ კანონებში შესატან ცვლილებებზე დადებული ვეტოები დაძლია.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსების შესახებ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ წარადგინა და დეპუტატებს ის არგუმენტები გააცნო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს გააჩნია პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

ანა დოლიძის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის როგორც ძირითად, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ფუძემდებლურ პრინციპებს, საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს განახორციელონ ადგილობრივი თვითმმართველობა დამოუკიდებლად.

ცვლილების თანახმად, 7 თვითმმართველ ქალაქს - თელავს, ოზურგეთს, ზუგდიდს, გორს, ამბროლაურს, მცხეთასა და ახალციხეს ჩამოერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი და ისინი მიუერთდება შესაბამის მუნიციპალიტეტებს. შედეგად, ქვეყანაში, ნაცვლად 12 თვითმმართველი ქალაქისა, დარჩება 5 თვითმმართველი ქალაქი.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“ თანახმად, მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საქმეების წარმართვაში ერთ-ერთი დემოკრატიული პრინციპია, რომელიც საერთოა ევროპის საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოსათვის. სწორედ ადგილობრივ დონეზე შეიძლება ყველაზე ეფექტიანად ამ უფლების უშუალო რეალიზაცია.

ადგილობრივი თვითმმართველობის დაცვა და გაძლიერება სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში მნიშვნელოვან წვლილს წარმოადგენს დემოკრატიისა და ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პრინციპზე დაფუძნებული ევროპის მშენებლობისათვის“, - აღნიშნულია მოტივირებულ შენიშვნებში.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გაცხადებით, 2017 წლის ოქტომბერში იგეგმება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება. უკვე დაწყებულია რიგი საორგანიზაციო სამუშაოები. ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მზადების პირობებში თვითმმართველობის სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება და განსაკუთრებით კი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება, დაარღვევს საარჩევნო გარემოს სტაბილურობას და არასასურველ შედეგებს გამოიწვევს.

არჩევნებამდე სამი თვით ადრე ამ ტიპის მნიშვნელოვანი ცვლილებები ეწინააღმდეგება საარჩევნო სუბიექტების ლეგიტიმურ მოლოდინსაც. ყოველივე ეს კი ხელს უშლის საარჩევნო და, ზოგადად, პოლიტიკური გარემოს სტაბილურობას.

"მიზანშეწონილია, რომ მსგავსი ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვნად ცვლის საარჩევნო გარემოს, განხორციელდეს მაშინ, როდესაც არ მიმდინარეობს მზადება არჩევნებისთვის. ჩვენმა პარტნიორებმა არაერთხელ გამოთქვეს ეს რეკომენდაცია.

საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ფუნდამენტური ცვლილებების (მათ შორის, საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით) პროცესი უნდა დასრულდეს არჩევნებამდე არანაკლებ 1 წლით ადრე, რათა არჩევნების პოტენციური მონაწილეები და ამომრჩევლები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებული ყველა ცვლილების შესახებ“,- აღნიშნულია შენიშვნებში.

რაც შეეხება უშუალოდ "საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებებს, ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს ორგანული კანონის პროექტის თანახმად, იცვლება პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი.

ცესკოს დაკომპლექტების შემოთავაზებული რეგულაცია, ანა დოლიძის აზრით, ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობას და არჩევნების მართვის პროცესში პოლიტიკურ პლურალიზმს. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება არსებითი საკითხია, რადგან მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საარჩევნო პროცესის სამართლიანად წარმართვისადმი საზოგადოების ნდობასა და არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ხარისხს, ასევე გავლენას ახდენს დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმირებაზე.

"იმისთვის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ეფექტიანად შეასრულოს თავისი ფუნქციები, მნიშვნელოვანია, ცესკოში პოლიტიკური პარტიებისთვის გამოყოფილი კვოტის შევსების წესი იყოს სამართლიანი და ეფუძნებოდეს პარიტეტის პრინციპს, რათა არ გაიზარდოს მმართველი პოლიტიკური პარტიის გავლენა.

აღნიშნული ცვლილებების მიღების შემთხვევაში, დავიწროვდება საარჩევნო პოლიტიკური სივრცე, რადგან ცესკოს წევრების დანიშვნას ვეღარ შეძლებენ პარლამენტს მიღმა დარჩენილი ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი, მაგრამ მიიღეს ამომრჩეველთა 3%-ზე მეტის მხარდაჭერა და კანონის თანახმად, ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობების შეკითხვებს უპასუხა და ასევე არ გაიზიარა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის კრიტიკა ვეტოს არგუმენტების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]