weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე გომელაური, გოგაშვილი და ჩიმაკაძე დაიკითხნენ

16:17 სამშაბათი, 22 ოქტომბერი 2019

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმესთან და პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ.

„მინდა, რომ მალე დასრულდეს გამოძიება და ყველაფერს ნათელი მოეფინოს“, - უთხრა ჟურნალისტებს გოგაშვილმა.

ის არ ადასტურებს, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, საკუთარ საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა სასიკვდილოდ დაჭრა. დაჭრილი 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. სპეცოპერაციიდან 21 თვე გავიდა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ არის მიცემული.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, გოგაშვილი და სუს-ის მაღალჩინოსნები პროკურატურას აქამდეც უნდა დაეკითხა. „გოგაშვილი და ჩიმაკაძე ხელმძღვანელობდნენ ყველაფერს. სახელმწიფომ უნდა აღიაროს დანაშაული“, - აღნიშნავს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოფიციალურად დღემდე იძიებს საქმეს თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით. თემირლანის მშობლებისა და ადვოკატების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მათ დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს, რის გამოც საქმის მასალებს ვერ ეცნობიან.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა უკვე დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]