აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ფრაქცია „ქართული ოცნება-აჭარის“ 22 ოქტომბრის სხდომაზე ფრაქციის წევრებმა - დავით ბაციკაძემ, ცოტნე ანანიძემ და ვახტანგ წულაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილი კონცეფციები განიხილეს და მრჩევლად ასარჩევად ერთხმად დაუჭირეს მხარი, უმაღლესი საბჭოსთვის სოსო სტურუას კანდიდატურის წარდგენას.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი კანდიდატი უნდა წარადგინოს. ჯერ-ჯერობით უცნობია ვის დაუჭერენ მხარს „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ დეპუტატები.
მრჩეველთა საბჭოს 4 წევრი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა 13 კანდიდატს შორის უნდა შეარჩიონ.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს 4 წევრს - ნატა იმედაიშვილს, ბეჟან გობაძეს, გიორგი ირემაძესა და ირაკლი დარცმელიძეს უფლებამოსილების ვადა ისე ეწურებათ, რომ ნათია კაპანაძის გათავისუფლების შემდეგ ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ვერ აირჩიეს.