„გერმანიაში დანაშაულის დონე ამჟამად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მაგრამ, უპრეცედენტოა, როდესაც სამიზნე ყოფილი ჩეჩენი მებრძოლია და ეჭვმიტანილი რუსეთის მთავრობის სავარაუდო თავდამსხმელი. ზელიმხან ხანგოშვილი შუადღის ლოცვებზე გადიოდა ბერლინის ცენტრში, მოაბიტის რაიონში, მეჩეთში. მას ელექტრო ველოსიპედით მიმავალი მამაკაცი მიუახლოვდა და ახლო მანძილზე ორჯერ ესროლა თავში და ერთხელ მხარში. ხანგოშვილი მაშინვე გარდაიცვალა; მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს და საპატიმროში იმყოფება. ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, საქმეზე გამოძიება ისევ დაუმთავრებელია. ეჭვმიტანილი არ საუბრობს, კრემლი უარყოფს მონაწილეობას, გერმანია კი უარს ამბობს თითი მოსკოვზე გაიშვიროს“, - წერს CNN.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ხანგოშვილის მკვლელობამ საგონებელში ჩააგდო ევროპაში მცხოვრები ათობით ათასი სხვა ჩეჩენი მიგრანტი. ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს ხანგოშვილის მკვლელობაზე გერმანიის რეაგირებას.
ხანგოშვილი დიდი ხანია ძებნილი იყო. რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომში მისმა მონაწილეობამ, სადაც ის ჩეჩენ თანამებრძოლებთან ერთად, რუსეთის ფედერალური ძალების წინააღმდეგ იბრძოდა, ღრმა მტრობა მოუტანა რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან. მართალია, 2005 წელს მან წინააღმდეგობის მოძრაობა დატოვა, მაგრამ მის მიმართ მტრობა არ შეწყდა.
ის იძულებული გახდა თავშესაფარი ევროპაში ეძებნა, 2016 წელს კი, უსაფრთხო თავშესაფრის პოვნის იმედით გერმანიაში ჩავიდა.
„ხანგოშვილმა სამჯერ მიმართა თავშესაფრის მისაღებად, მაგრამ უარი ეთქვა“, - ამბობს შვედეთში ადამიანის უფლებების დამცველი მანსურ სადულაევი.
„ჩვენ შოკში ვიყავით“, - თქვა მან. „ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა [უმარ] ისრაილოვთან“ - გულისხმობს ყოფილ ჩეჩენ მებრძოლს, რომელიც 2009 წელს ვენაში მოკლეს. ავსტრიელ გამომძიებლებს მიაჩნიათ, რომ ამ მკვლელობაში ჩეჩნეთის მთავრობა მონაწილეობდა.
„არავინ ელოდა, რომ ეს განმეორდებოდა“, - ამბობს სადულაევი. მისივე თქმით, „რუსეთი დიდი ძალაა და გერმანიას მასთან ურთიერთობების გაფუჭება არ სურს. ჩეჩნები მას მხოლოდ უხერხულობას უქმნიან“.
გამოცემასთან ინტერვიუში საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის მკვლევარი, ალექსანდრე კვახაძე აცხადებს, რომ ხანგოშვილის მკვლელობის მცდელობა თბილისშიც განხორციელდა და ეს რუსულ დაზვერვას და ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს უკავშირდება.
ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. ის პანკისში დაკრძალეს.