მთავრობის მეთაურის თქმით, რეგიონებში, განსაკუთრებით კი სოფლებში, მთავრობის წევრებისა და პარლამენტის დეპუტატების ვიზიტების დროს, მიწის რეგისტრაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო.
„ამ ინიციატივამ ხელი უნდა შეუწყოს უახლოესი სამი წლის განმავლობაში ამ პრობლემის სრულად მოგვარებას, რაც ერთი მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ და ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სოფლად მიწას ფლობენ. მეორე მხრივ, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, რამეთუ მიწა გახლავთ ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი.
ჩვენ დღეს სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სპორადული და სისტემური რეგისტრაციის შემდგომი განვითარების პირობებში, უახლოესი სამი წლის განმავლობაში ჩვენ ამ საკითხს საბოლოოდ გადავწყვეტთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობა მამაპაპისეული სახლებისა და მიწის დარეგისტრირებას ვერ ახერხებს, რადგან ამ რეგიონებში არ ჩატარებულა სახლების ინვენტარიზაცია, არ გაიცემოდა სამშენებლო ნებართვები, სახლებს აშენებდნენ პროექტების გარეშე, სათემო ტრადიციების საფუძველზე, მოქალაქეებს არ გააჩნდათ ქონებაზე უფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. დღეს მათი მემკვიდრეებიც იგივე პრობლემის წინაშე დგანან - ვერ ადასტურებენ, რომ მიწაც და სახლიც მათ წინაპარს ეკუთვნოდა, ახლა კი მათი საკუთრებაა.
მიწის რეგისტრაცია მარტივდება - რას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებები