ოქრიაშვილის თქმით, პროპორციული არჩევნებით საქართველო პრობლემის წინაშე დადგება, ნორმალური ხელისუფლება არ ეყოლება და 2021 ან 2022 წელს აუცილებლად რიგგარეშე არჩევნები იქნება.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება. ამ წესით არჩევნების ჩატარებას მოქმედი კონსტიტუცია 2024 წლიდან ითვალისწინებს. „ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ე.წ. ნულოვანი ბარიერით უნდა შეიცვალოს და საარჩევნო ბლოკების შექმნა აიკრძალოს.
20 ოპოზიციურ პარტიას კი პარლამენტში წარდგენილი აქვს ალტერნატიული კანონპროექტი 200 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით, რომელიც პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 3%-იანი ბარიერით ითვალისწინებს და საარჩევნო ბლოკების შექმნასაც არ კრძალავს.
პარლამენტს 150 დეპუტატი ჰყავს. საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი. „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ ჰყავს.