weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს

00:24 შაბათი, 23 ნოემბერი 2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს. კოხრეიძე მანამდე ჩატარებულ სამივე კონკურსში მონაწილეობდა.

პირველ ორ კონკურსში მან მრჩეველთა საბჭოს ვერცერთი წევრის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მესამე კონკურსზე კი 2 ხმა მიიღო.

მესამე კონკურსს საბჭოს 5 წევრიდან 4 ესწრებოდა. მათგან ერთმა, ბეჟან გობაძემ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. კოხრეიძის თქმით, რადგან გობაძე კენჭისყრაში არ მონაწილეობდა, ის ოთახში დამსწრის სტატუსით იმყოფებოდა, დანარჩენი სამი წევრიდან კი მას ორის, ანუ უმრავლესობის ხმა ჰქონდა და ამიტომ, დირექტორად ის უნდა გამოეცხადებინათ.

სწორედ მისი სარჩელის საფუძველზე, 23 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა გოცირიძემ მეოთხე კონკურსი შეაჩერა. ამასობაში მრჩეველთა საბჭოს, რომელშიც "ქართულ ოცნებას" მხოლოდ ერთი წევრი ჰყავდა, უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. აჭარის უმაღლესმა საბჭომ მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრები შეარჩია: თამილა დოლიძე, სოსო სტურუა და თამარ წილოსანი. ისინი „ქართული ოცნების“ ორი ფრაქციის კანდიდატები იყვნენ, ხოლო წილოსანი დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით აირჩიეს.

18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და დირექტორის შესარჩევი კონკურსი განახლდა. დაინტერესებულ პირებს 2 დღე მისცეს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

მეოთხე კონკურსში 10 კანდიდატი დარეგისტრირდა, მათ შორის აჭარიის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია ზოიძე, ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე, ჟურნალისტები ლაშა ზარგინავა, ფირუზ ბოლქვაძე და სხვები.

მეოთხე კონკურსის პირველ კენჭისყრაზე კოხრეიძემ ორი ხმა მიიღო. თითო ხმა მიიღეს მაია მერკვილაძემ და ფირუზ ბოლქვაძემ. განმეორებით კენჭისყრაში გიორგი კოხრეიძეს ხმა საბჭოს ოთხი წევრიდან სამმა მისცა და დირექტორად იქნა არჩეული 3 წლით.

გიორგი კოხრეიძე - 2014-2018 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, 2005-2014 წლებში - ტელეკომპანია „202“-ის დირექტორი, 1999-2004 წლებში - საქართველოს პარლამენტის წევრი.

დღესვე, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებმა პირდაპირ ეთერში განცხადება გააკეთეს: „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსადმი მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და აღიარება არის ჩვენი, ამ მაუწყებლის თანამშრომლების საერთო მონაპოვარი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უფრთხილდება. ვერავინ, მათ შორის ვერც ხელისუფლება და ვერც ახალი მენეჯმენტი ამ მონაპოვარს ჩრდილს ვერ მიაყენებს, ვიდრე ჩვენი გუნდი ერთიანია. 

საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელი ამ მონაპოვრის დაცვას საკუთარი პროფესიული უნარებითა და საქმით ვაპირებთ.

6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესების გარდა ჩვენს შეშფოთებას იწვევს დღეს არჩეული დირექტორის პირველი ინტერვიუ, რომელშიც გიორგი კოხრეიძემ თქვა, რომ მაუწყებელში არის კონკრეტული ადამიანი, ვისთან თანამშრომლობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა, საუბარია ნათია ზოიძეზე.

ის დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. ნათია ზოიძე ამბობს, რომ გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევა, სარედაქციო პოლიტიკის პროსახელისუფლებო ვერტიკალზე გადასვლის მცდელობაა. ვფიქრობთ, რომ კოხრეიძის განცხადება იმ ადამიანის შესახებ, რომელიც ყველაზე რთულ და კრიტიკულ სიტუაციაში არის ჯანსაღი სარედაქციო პოლიტიკის გარანტი, არის ნიშანდობლივი სიგნალი.

მოვითხოვთ, ახალმა მენეჯერმა გამონახოს თანამშრომლობის ყველა რესურსი და არ გააჩინოს ახალი კითხვის ნიშნები. აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები კატეგორიულად ვემიჯნებით კოხრეიძის შეხედულებას, რომ ჩვენი შიში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შესახებ გარკვეული პირების მიერ არის თავსმოხვეული. ჩვენ გვაქვს საკუთარი აზრი და ნება, გავაგრძელოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობა ჟურნალის​ტიკის მაღალი სტანდარტით“.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს ნათია კაპანაძეს, რომლის ხელმძღვანელობის პერიოდში ხელისუფლება აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკას ვერ აკონტროლებდა, სამეურვეო საბჭომ უნდობლობა 2019 წლის 19 აპრილს გამოუცხადა და ის თანამდებობიდან გადააყენეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]