weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახლები“ პოლიტიკურ თანამშრომლობას იწყებენ

22:06 პარასკევი, 29 ნოემბერი 2019

„ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ პოლიტიკურ თანამშრომლობას იწყებენ. მამუკა ხაზარაძის თქმით, „ლელო“ სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ აბსოლუტურად სხვა რეალობა და ალტერნატივა შექმნოდა.

„სწორედ ეს პლატფორმაა იმის პირველი ნაბიჯი, რომ ნებისმიერი სისტემით ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებისთვის მზად ვიყოთ“, - აღნიშნავს ხაზარაძე.

„მჭიდრო კონსულტაციები ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესს კოორდინირებულად ვუყურებთ. შესაძლოა, ვიყოთ პარტნიორები საარჩევნო პროცესში, შესაძლოა, ვიყოთ კონკურენტები საარჩევნო პროცესში და პარტნიორები უკვე პარლამენტში. ამას გვაჩვენებს მომავალი. მთავარია, ჩვენ გადავწყვეტთ, კოორდინაცია იყოს ეფექტური“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მოძრაობა „ლელომ“ განცხადებაც გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ქვეყანაში მძიმე ჩიხური ვითარებაა. პოლიტიკური კრიზისი უფრო და უფრო ღრმავდება. სახელმწიფო ძალაუფლების მფლობელი პირი და გუნდი ვეღარ უმკლავდება ქვეყნის მართვას და სულ უფრო მასშტაბურ შეცდომებს უშვებს. „ქართული ოცნების უპატიებელი პოლიტიკური დანაშაული ხალხისა და ქვეყნის წინაშე იყო პროპორციული არჩევნების ჩაგდება, რომელიც ესოდენ საჭირო ეროვნული კონსოლიდაციის ინსტრუმენტად უნდა გამოყენებულიყო, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ის სახიფათო მანიპულაციების, პოლიტიკური დაპირისპირებისა და საზოგადოებაში შუღლის გაღვივების იარაღად გადააქცია.

ჩვენი საერთო დასკვნით, დღევანდელ ხელისუფლებას არ აწყობს არა თუ პროპორციული არჩევნები, არამედ არანაირი არჩევნები, რომელიც მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდება და მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს. ამ მიზნის მისაღწევად მმართველი ძალა ცდილობს კიდევ უფრო გაამწვავოს დაპირისპირება, მიაღწიოს ძალადობრივ შეჯახებებს, შეაკოწიწოს სახელმწიფო გადატრიალების სცენარი და ამ ფონზე ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები არსებული სისტემით.

რაც ისევ და ისევ ორპოლუსიანი პარლამენტის შექმნისა და გაჩერებული, გაღატაკებული, ადამიანებისგან დაცლილი ქვეყნის მძიმე რეალობის წინაშე დაგვტოვებს.

ქართულ საზოგადოებას დღეს სჭირდება სიტუაციიდან გამოსავალი, ხვალინდელი დღის პერსპეტივა, დაცულობა, სიმშვიდე, დასაქმება და განვითარება. მაგრამ მმართველი პარტიის ლიდერის ხედვიდან ჩანს, რომ მის გეგმებში ეს არ შედის. მის მიზნებში მხოლოდ და მხოლოდ აბსოლუტური ძალაუფლების შენარჩუნებაა.

სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ დღეს ჩვენ აქ - საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართული პირები.  სწორედ შექმნილი მდგომარეობა და ქვეყანაში არსებული უმძიმესი კრიზისი არის ის გამოწვევა, რომელზე პასუხისმგებლობაც დღეს ჩვენ და საერთოდ ყველა ჯანსაღმა, საკუთარი ქვეყნის მოყვარულმა ადამიანმა და პოლიტიკურმა ძალამ უნდა აიღოს.

ჩვენ ვაგრძელებთ უკვე არსებულ საერთო ოპოზიციურ ფორმატში პროპორციული არჩევნების მოპოვებისთვის აქტიურ ძალისხმევას.

ამასთან გადავწყვიტეთ გადავიდეთ მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმში და დავიწყოთ აქტიური კონსულტაციები ამ ჩიხური ვითარების დასაძლევად. ამით გამოვხატავთ  ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესს, რომელიც უკიდურესად კრიტიკულადაა განწყობილი არსებული აწმყოს მიმართ და არც წარსულის დაბრუნება სურს.

ეს იქნება თანასწორუფლებიანი პარტნიორების მიერ პარიტეტულ საწყისებზე შექმნილი პლატფორმა, რომელიც დაამარცხებს ორპოლუსიან სისტემას, ისარგებლებს საზოგადოების ნდობით და ააშენებს ძლიერ, განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანას.

მოგიწოდებთ ყველას დავიწყოთ აქტიური დიალოგი ამ იდეის ირგვლივ, რადგან საქართვლო არის ჩვენი სამშობლო, რომელიც ძლიერ სახელმწიფოდ უნდა ვაქციოთ და აქ მცხოვრები ადამიანები უნდა ვიყოთ ბედნიერები, უნდა გვქონდეს ღირსეული ცხოვრებისა და თავისუფალი არჩევანის საშუალება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]