weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბანკი „ქართუს“ საქმეზე ადეიშვილს პატიმრობა მიესაჯა, მელია თანამდებობას ვეღარ დაიკავებს

13:25 ორშაბათი, 02 დეკემბერი 2019

2019 წლის 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ბანკი „ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე,  ბრალდებულების ზურაბ ადეიშვილისა და ნიკანორ მელიას მიმართ.

სასამართლომ ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო საწარმოში და სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვის ორგანიზება მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით, მოსალოდნელი და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ბრალდების საქმეზე, ასევე ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, გამოყენების მიზნით ჯგუფურად დამზადების და გამოყენების ორგანიზების ნაწილში, ასევე სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც იურიდიული პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ზურაბ ადეიშვილს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობითა და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 3  თვის ვადით, მასვე 2 წლით და 3  თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.     

ნიკანორ მელია სასამართლომ საწარმოში და სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვაში დახმარება მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით, მოსალოდნელი და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ბრალდების ნაწილში უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ხოლო, მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში ნიკანორ მელია გამტყუნდა და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 25 000 ლარის ოდენობით. მასვე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი თანამდებობის დაკავების უფლება შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. მელია საქართველოს პარლამენტის წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, მას უფლებამოსილება შეუჩერონ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკი „ქართუს“ საქმე გახსნილად 2012 წლის დეკემბერში გამოაცხადა. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულებრივი სქემა რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა საჯაროდ გააკეთა განცხადება პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შესახებ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა პირველ ეტაპზე შეიმუშავეს და პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში, სახელმწიფოს უფლება ექნებოდა, აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული.

იმ მიზნით, რომ „ქართუს“ ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდათ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობით აუქციონის ჩაშლა ხდებოდა, რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადასცემდა, ეკონომიკის სამინისტრო კი პრეზიდენტის განკარგულებით ქონებებს პირდაპირი მიყიდვის წესით ასხვისებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]