weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა

00:06 ოთხშაბათი, 04 დეკემბერი 2019

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია თანამდებობიდან გადადგა. ლატარიას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდება, თუმცა „რეგინფოს“ ინფორმაციით, ლატარიამ თანამდებობა სწორედ ამის გამო დატოვა.

„ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და გთხოვთ, არ დაუკავშიროთ იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ქალაქში. მე რამდენიმე თვის წინ გავაჟღერე გუნდში წასვლის შესახებ, მაგრამ მთხოვეს, წლის ბოლომდე დავრჩენილიყავი თანამდებობაზე. თხოვნა შევასრულე. ღმერთმა იცის, გულით და სულით ვემსახურე ჩემს ქალაქს და რაც შემეძლო გავაკეთე. არცერთხელ არ მიღალატია გუნდისთვის და მითუმეტეს ქვეყნისთვის და ქუთაისისთვის. მაპატიოს ჩემმა ქუთაისელებმა, თუ მეტი ვერ შევძელი. იყო ამის მიზეზები და არ დავიწყებ ამაზე საუბარს. უზომოდ მიყვარს ჩემი ქალაქი და ჩემი სამშობლო, ამიტომ სხვა ფორმით გავაგრძელებ ვემსახურო მას“, - წერს ნიკა ლატარია.

ნიკოლოზ ლატარია 2014 წლიდან  დღემდე  „საქართველოს კონსერვატიული პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრია. 2014-2017 წლებში იყო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში იგი ყოველთვიურად იღებდა დანამატს ხელფასის ოდენობით - 2 150 ლარს, რის შედეგადაც 2 წლის განმავლობაში მან გაორმაგებული ანაზღაურება - 101 863 ლარი მიიღო. ნიკოლოზ ლატარია და მისი მეუღლე პროცენტიან სესხებს გასცემდნენ, - ასეთი სესხებიდან მათ 167 203 ლარის ოდენობით სარგებელი მიიღეს. 2017 წლიდან ლატარია ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელობდა.

1-ელ დეკემბერს ქუთაისში „ქართული ოცნების“ წევრებმა და მხარდამჭერებმა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში შეჭრა სცადეს და შენობას კვერცხები და საღებავები დაუშინეს. ოპოზიციის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის ქუთაისის საკრებულოს წევრები 3 დეკემბერსაც გამოვიდნენ. ისინი ოპოზიციის ლიდერებს უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ და გადაადგილებაში ხელს უშლიდნენ. ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ ლიდერების დავალებით, საჯარო მოსამსახურეები და აქტივისტები ოპოზიციის წარმომადგენლებს დასდევენ და ავიწროებენ ზუგდიდში, ქობულეთსა და მცხეთაშიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]