გერმანული მედიის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს, დილით რუსეთის ელჩი სერგეი ნეჩაევი დაიბარეს და ნოტა გადასცეს. „სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ ვერ შეძლო საკმარისად ეთანამშრომლა მკვლელობის გამოსაძიებლად“, - იტყობინება „დოიჩე ველე“. ელჩს მოსთხოვეს, რომ მოსკოვმა ამ საქმესთან დაკავშირებით ბერლინთან ითანამშრომლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებულ იქნება სხვა ზომებიც.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატების განდევნის ნაბიჯს არამეგობრული, უსაფუძვლო ნაბიჯი უწოდა და შეშფოთება გამოხატა.
ოთხშაბათს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკლელობის საქმის გამოძიებას თავის თავზე იღებენ. ბერლინის გენერალური პროკურორის განცხადებით, მტკიცებულებები მიუთითებს რუსეთის სახელმწიფოს ჩარევაზე.
ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, მოაბიტის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. იგი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც მას ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. ის 40 წლის იყო და გერმანიაში თავშესაფარი ჰქონდა მოთხოვნილი.
გერმანელმა სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც მოქმედებდა ვადიმ სოკოლოვის პასპორტით. ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფი Bellingcat-ი მიიჩნევს, რომ ეჭვმიტანილი სინამდვილეში არის ვადიმ კრასიკოვი. 2014 წელს რუსეთმა კრასიკოვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა ბიზნესმენის მკვლელობასთან დაკავშირებით, მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ ძებნა შეწყდა.
ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩნეთის ომში. მან საქართველო ორი წლის წინ დატოვა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში მძიმედ დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ ოთხი ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზელიმხან ხანგოშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმე ამ დრომდე არ გამოუძიებია.