weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტში დაბრუნებაზე უარს ამბობს

13:27 ორშაბათი, 20 იანვარი 2020

პარლამენტის ყოფილი წევრი ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატობაზე უარს ამბობს. ქუცნაშვილის განმარტებით, მას სამართლიანად არ მიაჩნია დაეთანხმოს პარლამენტის წევრობას იმის გამო, რომ პარტიული სიით განსაზღვრული რიგითობა უწევს, მაშინ, როცა მან, როგორც მაჟორიტარული წესით გამარჯვებულმა დეპუტატმა, უკვე უარი თქვა მანდატზე.

„ბევრი ადამიანი ინტერესით ელოდება - ვისარგებლებ თუ არა კანონით მონიჭებული ადგილმონაცვლეობის უფლებით, რის საშუალებასაც 2016 წლის საპარლამენტო სიით განსაზღვრული რიგითობა მაძლევს. დავთანხმდები თუ არა, ისევ დავიკავო დეპუტატის ადგილი საქართველოს პარლამენტში. მართლაც დიდი პატივია ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში საკუთარი ამომრჩეველის ინტერესებს წარმოადგენდე და მის უფლებებს იცავდე. ჩემი შეხედულებით, პოლიტიკოსი, ისევე როგორც სხვა სფეროში მომუშავე ადამიანი, მხოლოდ იმ შემთხვევაშია თავისუფალი, თუ შეუძლია ნებისმიერ ქმედებაში საკუთარი წილი პასუხისმგებლობა დაინახოს; თუ ადამიანურ სოლიდარობას თანამდებობის შენარჩუნების ინტერესს არ უქვემდებარებს და მის ზნეობრივ სასწორზე სამოქალაქო თანხმობა ბევრად გადაწონის პირად პოლიტიკურ კარიერას.

ჩემთვის კანონს, უფლებებითა და ინტერესებით აღმჭურველი და მავალდებულებელი ბუნების გარდა, მორალური სახეც აქვს. მორალურობის მთავარი განმაპირობებლი კი სამართლიანობა და ტრადიციაა. არ ცდებიან ის იურისტები, რომლებიც ამბობენ, რომ ერთი მოწვევის პარლამენტში ერთი და იგივე პირი შეიძლება ორჯერ აირჩეს, რადგან შერეული საარჩევნო სისტემით ფორმირებული ერთპალატიანი პარლამენტი ამის შესაძლებლობას იძლევა. შუალედური არჩევნები ყველა ყოფილ დეპუტატს წარმოუშობს უფლებას განმეორებით იყაროს კენჭი და კვლავ გახდეს იმავე მოწვევის პარლამენტის წევრი, მაგრამ მაჟორიტარული წესით გამარჯვებულმა დეპუტატმა პარლამენტის წევრობაზე უარი თქვას და მეორე წელს თუნდაც იმის გამო, რომ პარტიული სიით განსაზღვრული რიგითობა მოუწევს, დაეთანხმოს პარლამენტის წევრად კვლავ გახდომას - სამართლიანად არ მიმაჩნია! პრეცენდეტის დაშვებით არ მინდა მახინჯ ტრადიციას მივცეთ დასაბამი. ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში, პარლამენტში მოხვედრის ჯერადობა არჩევნებში გამარჯვების ჯერადი უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოქმედი კანონი ამის უფლებას მაძლევს და თანაც დიდია ცდუნება იმისა, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან ვუპასუხო პოლიტიკანების ცრუ ბრალდებებს, მეორედ ვაცხადებ უარს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მე როგორც პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, მოგმართავთ თხოვნით, რათა ამომიღოთ საპარლამენტო სიიდან, ფორმალურად კანონიერი, მაგრამ რეალურად უსამართლო შესაძლებლობის წარმოშობამდე,“ - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

პარტიული სიის მიხედვით, პარლამენტში დეპუტატ ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე ზაქარია ქუცნაშვილი უნდა ყოფილიყო.

თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის წევრის მანდატის დატოვებაზე 21 ივნისს განაცხადა. ამას წინ უძღოდა, 20 ივნისს, პარლამენტში, მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში, რუსული დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან. როგორც გაირკვა, ასამბლეის ფორმატის შესახებ ინფორმირებული იყო ქუცნაშვილი, რომელიც ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

თბილისში გავრილოვის ვიზიტს ხალხმრავალი საპროტესტო აქციები და დაძაბულობა მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, გავრილოვი რუსული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად მოსკოვში სასწრაფოდ დაებრუნებინა. იმავე საღამოს, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა პარლამენტის შენობის წინ, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით. საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240 ადამიანი, ორმა ადამიანმა კი თვალი დაკარგა.

ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით 28 ივნისს მიმართა, რაც სექტემბერში დაკმაყოფილდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]