weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

პრეზიდენტი ანა დოლიძის საპარლამენტო გამოსვლის შემდეგ დაწყებულ დაპირისპირებას ეხმაურება

17:46 პარასკევი, 28 ივლისი 2017

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ანა დოლიძის საპარლამენტო გამოსვლის ირგვლივ შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დოლიძე თავისი პრინციპულობის გამო გახდა „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრის შეურაცხყოფის სამიზნე.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში მძიმე ვითარების დროს, ბევრისგან განსხვავებით ანა დოლიძე არასდროს გაჩუმებულა და პრინციპული პოზიციის დაფიქსირება არ შეშინებია. ამის მაგალითად გიორგი მარგველაშვილმა გირგვლიანის საქმე მოიყვანა.

„ხშირად მარტოც კი, მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე ადამიანი აპროტესტებდა გირგვლიანის მკვლელობას, როცა ვერავინ ბედავდა ხმის ამოღებას, ანა იცავდა უსამართლობის მსხვერპლ ოჯახებს. ალბათ ამიტომაც გახდა ანა დოლიძე შეურაცხყოფის სამიზნე „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლისთვის. ალბათ ამ პრინციპულობის გამო უშლიან მას ხელს კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებაში. ალბათ ამიტომ არის მიუღებელი არამარტო საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

პრეზიდენტმა საზოგადოებას შეახსენა, რომ „ანა დოლიძე არც ძველი კომკავშირელია და არც ახალი კომკავშირის მშენებელი. ანა დოლიძე არც „ნაციონალური მოძრაობიდან“ პორტირებულია „ქართულ ოცნებაში“ და არც მედროვე.

მარგველაშვილმა პარლამენტს მოუწოდა დაუბრუნდეს კანონშემოქმედებით საქმიანობას, დეპუტატები კი, კონცენტრირდნენ ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებზე.

საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანა დოლიძეს შორის დაპირისპირება 26 ივლისს დაიწყო, როდესაც პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვის შემდეგ, შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას ანა დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა გააკრიტიკა.

ანა დოლიძის შეფასებით, ირაკლი კობახიძის გამოსვლა სავსე იყო თავდასხმებით, დაუმსახურებელი და ღირსებამოკლებული კრიტიკით. ამ კომენტარმა ირაკლი კობახიძის გაღიზიანება გამოიწვია. მან ანა დოლიძეს გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ დოლიძე ეთიკის სტანდარტებს არღვევდა და როგორც საჯარო მოსამსახურეს, პოლიტიკოსებზე არ უნდა ესაუბრა.

სხდომის დასრულების შემდეგ ანა დოლიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი და ქართული პოლიტიკის „შარიკოვია“.

პრეზიდენტის გამოხმაურებამდე, დღეს, საპარლამენტო უმრავლესობამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ რიგგარეშე სესიაზე და სესიის დასრულების შემდეგ, ანა დოლიძემ თავისი გამონათქვამებით უხეშად დაარღვია ეთიკის და კონსტიტუციურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთობის ნორმები. უმრავლესობა მოუწოდებს პრეზიდენტს, რომ მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს პრეზიდენტის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს პარლამენტისადმი უპატივცემულო დამოკიდებულების გამოვლენა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]