weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

დეპუტატ ენზელ მკოიანის საწვავის ბიზნესი ჯავახეთში

12:18 შაბათი, 01 თებერვალი 2020

ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის შვილების, ძმისა და ბიძის სამ კომპანიასთან ჯავახეთში საწვავის შესყიდვაზე 674 სახელმწიფო შესყიდვა გაფორმდა, მათ შორის 665 პირდაპირი წესით. კომპანიებმა  ბიუჯეტიდან 2010-2019 წლებში  2 312 278 ლარი მიიღეს. ამ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს.

თავად ენზელ მკოიანიც მაჟორიტარული ბიუროსთვის საწვავს მხოლოდ ოჯახის კომპანიიდან ყიდულობს

ოთხ წელში გაფორმებული 34 პირდაპირი შესყიდვით, ბიურომ შპს-ს 78 339 ლარი გადაურიცხა. აქედან 49 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები დეპუტატმა კომპანიის დირექტორთან, საკუთარ ბიძასთან პირადად გააფორმა.

ენზელ მკოიანი 20 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია. იგი ოთხჯერ ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, ბოლოს, მეხუთედ კი ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში აირჩიეს „ქართული ოცნებიდან“.

ენზელ მკოიანი პარლამენტში 1999 წლის 20 ნოემბერს შევიდა. ზუსტად ერთ თვეში, 21 დეკემბერს მისმა ძმამ, მარტუნ მკოიანმა და ბიძამ, ნორაირ მკოიანმა შპს „მეეკი“ დააფუძნეს. 2018 წლის იანვრიდან ამ კომპანიის დირექტორის მოადგილედ ენზელ მკოიანის შვილი, დავით მკოიანი დაინიშნა, 2019 წლის ივნისიდან იგი  შპს „მეეკის“ 25% წილის მფლობელიც გახდა. შპს-ს დირექტორი წლების განმავლობაში ნორაირ მკოიანი იყო, 2009-2016 წლებში, სხვადასხვა დროს, ჯამში ორი წლით, კომპანიას გაიოზ ლომსაძე ხელმძღვანელობდა. 2017 წლის ნოემბრიდან ლომსაძე ახალქალაქის საკრებულოში „ქართული ოცნების“ სიით შევიდა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაც დაიკავა.

2008 წლის 6 მაისს, მკოიანებმა რუსეთის მოქალაქესთან და ბიზნესმენთან არამ სანოსიანთან ერთად ნავთობპროდუქტების დისტრიბუციის მიზნით, კიდევ ერთი შპს „ეს ჯი გაზ - კომპანი“ დააფუძნეს. მისი დირექტორი და 60% წილის მფლობელი არამ სანოსიანია, 20%-ს მისივე კომპანია „სატახა“ ფლობს, 20%-ს კი - „მეეკი”.

ორი წლის შემდეგ, საწვავის ბიზნესში, ენზელ მკოიანის უფროსი შვილი კარაპეტ მკოიანიც  ჩაერთო. მან 2010 წლის 26 აპრილს, ახალქალაქში, შპს „ახალგაზი“ დააფუძნა. მაშინ იგი 50% წილს შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას“ უყოფდა, ახლა კი ამავე პროცენტით წილში შპს „ნეოგაზი“ ჰყავს.

„მეეკმა“ და „ეს ჯი გაზ - კომპანიმ“ 2010 წლიდან დღემდე ყველა სახელმწიფო შესყიდვა ბენზინზე, დიზელსა და თხევად აირზე მხოლოდ ახალქალაქისა და ნინოწმინდის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მიიღეს.

„მეეკთან“ სულ 502  სახელმწიფო შესყიდვაა გაფორმებული, ხელშეკრულებების საერთო ღირებულებით 1 198 684  ლარზე. „ეს ჯი გაზ - კომპანის“ კი 171 სახელმწიფო შესყიდვა აქვს მიღებული, ჯამში 1 111 994 ლარზე.

ჯავახეთში, მუნიციპალური უწყებები თუ შეშას არ ყიდულობენ, მაშინ ხელშეკრულებებს პირდაპირი შესყიდვის წესით, ხშირად მხოლოდ „მეეკთან”, ან „ეს ჯი გაზ - კომპანისთან” აფორმებენ. („ეს ჯი გაზ - კომპანი“ ჯავახეთში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო და  სარემონტო სამუშაობსაც აწარმოებს).

მკოიანების კომპანიები უკონკურენოდ იგებდნენ ჯავახეთში გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებსაც.

გარდა  მკოიანების შპს-ებისა, ჯავახეთში ნავთობრპდუქტის დისტრიბუტორ მსხვილ კომპანიებთან ერთად, ფუნქციონირებს ადგილობრივი ბიზნესმენის გრიგოლ ჰამბარცუმიანის კომპანიაც. იგი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში გამარტივებულ შესყიდვებს, 2010 წლიდან 2014 წლის იანვრამდე, ჯერ შპს „მაქსიმედით“ იღებდა, 2014 წლის იანვრიდან 2016 წლის ივნისამდე კი ამავე მიმართულებით შესყიდვებს შპს „ოცნება-2014-ით“ აფორმებდა. ჰამბარცუმიანებმა ახალქალაქში საწვავის ბიზნესი, მკოიანების „მეეკზე“ ერთი წლით ადრე, 1998 წლიდან დაიწყეს.

მათ ამ დრომდე („მაქსიმედსაც“ და “ოცნება-2014“-საც) ნინოწმინდა-ახალქალაქის მუნიციპალური სამსახურებიდან და საჯარო სკოლებიდან ჯამში 72 762 ლარი აქვთ 132 შესყიდვიდან მიღებული.

2016 წლიდან,  მას შემდეგ რაც ენზელ მკოიანი ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატიც გახდა, მისი კონკურენტი კომპანია „ოცნება-2014“, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული, შესყიდვებიდან გაქრა.

ენზელ მკოიანის ძმა და ბიძა, მარტუნ და ნორაირ მკოიანები ხელისუფლებაში მყოფი პარტიების მსხვილი შემწირველები არიან. მათ, ვიდრე ხელისუფლების სათავეში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, პარტიას 115 000 ლარი შესწირეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში მოსვლის შემდეგ კი ჯამში 213 000 ლარით მისი შემწირველები გახდნენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს შპს  „მეეკისა“ და შპს „ეს ჯი გაზ - კომპანის“ თითოეული სახელმწიფო შესყიდვა და დაადგინოს, ხომ არ იყო ეს შესყიდვები მათთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და  იკვეთება თუ არა კორუფციის შესაძლო კონკრეტული ნიშნები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]