weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მივიღეთ გარანტიები, რომ საქართველოში ვითარება შეიცვლება - სენატორი ჯიმ რიში

13:14 ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2020

„მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება“ - ამბობს სენატორი ჯიმ რიში „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ.

„ქართველები ჩვენი მეგობრები არიან. ეს შესანიშნავი ქვეყანაა, რომელიც გვინდა, რომ წარმატებული იყოს. მე საქართველოში 2012 წელს ვიყავი არჩევნებზე, როგორც ამერიკის მხარის ოფიციალური დამკვირვებელი. ჩვენთვის შთამბეჭდავი იყო, თუ როგორ წარიმართა არჩევნები. ჩვენ გვჯეროდა, რომ მაშინ ხელისუფლება დემოკრატიული მმართველობისთვის საჭირო რეფორმებს გაატარებდა, რომლებიც ხალხს მოეწონებოდა.

თუმცა, ვიხილეთ შემაშფოთებელი ნიშნები. ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა, რომელზეც ამ საკითხებზე ვისაუბრეთ და მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება. ჩვენ მდგომარეობას დავაკვირდებით. ეს ქართველების ქვეყანაა და მე დარწმუნებული ვარ, ქართველებს სურთ თავისუფალი და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა. ამ საქმეში ჩვენ გვინდა მათ გვერდით ვიდგეთ“, - აღნიშნა სენატორმა ჯიმ რიშმა.

მისივე თქმით, ისაუბრეს საქართველოში 2020 წლის ოქტომბერში გასამართ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც.

დღესვე სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის დემოკრატმა ლიდერმა ჯინ შაჰინმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან სენატში შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებაც გამოაქვეყნეს. სენატორების წერილს „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

„სენატორ შაჰინს და მე, საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანთან პროდუქტიული საუბარი გვქონდა.

ჩვენს მიერ პრემიერ-მინისტრ გახარიასთვის ცოტა ხნის წინ გაგზავნილი წერილის შემდეგ, ჩვენ გავიმეორეთ შეშფოთება საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის დასუსტების შესახებ.

ასევე განვიხილეთ მიმდინარე სიტუაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, საქართველოს ორ ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის მიერ არაკანონიერადაა ოკუპირებული 2008 წლის შემდეგ.

რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საკუთარი ღობეების გადაწევას საქართველოში და ყოველ ჯერზე მიწის პატარა ნაკვეთის ანექსიას ახდენს. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გარდაქმნას დემოკრატიისკენ, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ დადებითი წინ გადადგმული ნაბიჯების დანახვა. ჩვენ საქართველოს არ ვთხოვთ იყოს უნაკლო, მაგრამ მთავრობამ უნდა დაგვანახოს, რომ დემოკრატიისკენ სვლას სერიოზულად უდგება,“ ნათქვამია სენატორ რიშის განცხადებაში.

სენატორ შაჰინის თქმით, დემოკრატია გრძელვადიანი ძალისხმევაა და საქართველო განსაკუთრებით, რუსეთის მხრიდან წამოსული უდიდესი გამოწვევების წინაშეა:

მე გავაგრძელებ მოწოდებას პრემიერ-მინისტრ გახარიას და საქართველოს მთავრობის მიმართ, შეასრულონ საკუთარი პირობები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელშესაწყობად, დაპირებული საარჩევნო რეფორმის ჩასატარებლად და სამოქალაქო საზოგადოების პატივსაცემად.“

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]