weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის უშიშროებამ დაგეგმა და შეასრულა - Bellingcat

21:25 ორშაბათი, 17 თებერვალი 2020

ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფი Bellingcat-ის, Insider-ისა და Spiegel-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება, გერმანიაში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის უშიშროების სამსახურის უშუალო ჩართულობას ადასტურებს. 

გამოძიების მიხედვით, მკვლელობის მოსამზადებელ პერიოდს მეთვალყურეობდა ედუარდ ბენდერსკი, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის [ФСБ] ელიტალური ქვედანაყოფის „ვიმპელის“ ვეტერან სპეცრაზმელთა ფონდის ხელმძღვანელი და ჩართულნი იყვნენ ამავე ფონდის სხვა მაღალი თანამდებობის პირები.

ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ФСБ მონაწილეობდა როგორც უშუალოდ მკვლელობის დაგეგმვაში, ასევე, მკვლელებისთვის ყალბი დოკუმენტების მომზადებაში. ამასთან, დადასტურდა, რომ ФСБ-ც და რუსეთის პოლიციაც ინფორმირებული იყო დაკავებული მკვლელის რეალური იდენტობის შესახებ და გამოძიების მიმდინარეობისას გერმანულ მხარეს შეგნებულად უმალავდნენ ინფორმაციას, რომ დაკავებული პირი ყალბ სახელს - ვადიმ სოკოლოვს იყო ამოფარებული.  

Bellingcat აღნიშნული მკვლელობით ადრეც დაინტერესდა და 2019 წლის აგვისტოში გამოავლინა, რომ მკვლელობაში ბრალდებულის ვადიმ სოკოლოვის ნამდვილი სახელი და გვარი ვადიმ კრასიკოვი იყო. ასევე, დაადგინა, რომ კრასიკოვი ადრეც იყო ჩართული კრიმინალურ საქმიანობაში და მისი სახელი უკავშირდება სულ მცირე ორ შეკვეთილ მკვლელობას.

Bellingcat-ის მიხედვით, კრასიკოვი რუსეთის მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, თუმცა, 2015 წელს მისი კრიმინალური წარსული რუსულ ბაზებში წაიშალა. ჟურნალისტური გამოცების მტკიცებით, ასეთი რამ რუსული სახელმწიფო სამსახურების პირდაპირი ჩარევის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა.  

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, მოაბიტის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. იგი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც მას ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. ის 40 წლის იყო და გერმანიაში თავშესაფარი ჰქონდა მოთხოვნილი.

რუსეთის ხელისუფლება დღემდე უარყოფს ხანგოშვილის მკვლელობაში მონაწილეობას. გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ გასული წლის დეკემბერში, ხანგოშვილის მკვლელობაში რუსული კვალის აღმოჩენის შემდეგ, ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. 

ცნობილია, რომ ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩნეთის ომში. მან საქართველო ორი წლის წინ დატოვა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში მძიმედ დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ ოთხი ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზელიმხან ხანგოშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმე ამ დრომდე არ გამოუძიებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]