ნადიმ ვარშანიძემ ხელვაჩაურის გამგებლის თანამდებობა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად დაიკავა. მანამდე, 2013 წლის აგვისტოდან იგი იმავე მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
საინფორმაციო ცენტრების ქსელის კვლევით გამოირკვა, რომ ნადიმ ვარშანიძე საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის გამგებელზე მაღალ ანაზღაურებას იღებს. კერძოდ, თანამდებობრივი სარგოს გარდა, რომლის ოდენობაც თვეში 2 650 ლარია (წელიწადში - 31 800 ლარი), მან როგორც 2015, ისე 2016 წელს საკუთარი თავი 8-ჯერ დააჯილდოვა პრემიითა და დანამატით. შესაბამისად, ხელვაჩაურის გამგებლის წლიურმა ანაზღაურებამ 53 326 ლარს მიაღწია, რაც თვეში საშუალოდ 4 444 ლარია. აღსანიშნავია, რომ ხელვაჩაურის გამგებლის ანაზღაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელფასს აღემატება.
პარალელურად, ნადიმ ვარშანიძე პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. იგი 1997 წლიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საზღვაო აკადემიაში, არის სრული პროფესორი, ხელფასის სახით კი წელიწადში 26 000 ლარს, ანუ თვეში 2 167 ლარს იღებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016 წლის განმავლობაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორგანოებში პრემიები 7-ჯერ იქნა გაცემული - იანვარში, მარტში, აპრილში, მაისში, ივნისში, სექტემბერსა და დეკემბერში, ხოლო მისმა ჯამურმა ოდენობამ 797 100 ლარი შეადგინა.