weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შეშფოთებით ვადევნებთ თვალს იმას, რაც აჭარის მაუწყებელში ხდება - ვიბლერი

19:15 ორშაბათი, 16 მარტი 2020

„ერთგვარი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს იმას, რაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ხდება. აჭარის ტელევიზიის წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ იყვნენ ამერიკის საელჩოში და საელჩოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენი გუნდის წევრებსაც შეხვდნენ, რათა არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრათ. დიდი ყურადღებით ვაკვირდებით, რა ხდება საქართველოს სამაუწყებლო სექტორში“, - აცხადებს „რეგინფოსთან“ ინტერვიუში USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი.

„ამერიკის მთავრობას, და არა მხოლოდ USAID-ს, სწამს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია არის ნებისმიერი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილი, იქნება ეს საქართველო თუ ამერიკის შეერთებული შტატები. ფუნდამენტური პრინციპია, რომ თავისუფალი მედია არსებითად მნიშვნელოვანია ჯანსაღი დემოკრატისათვის“, - აცხადებს ვიბლერი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე მრჩეველთა საბჭომ 2019 წლის აპრილში გაათავისუფლა. კაპანაძეს ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი ჰქონდა დარჩენილი. მისი დირექტორობის პერიოდში აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა დამოუკიდებელი იყო და ხელისუფლება მას ვერ აკონტროლებდა. კაპანაძემ მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა საქმე ამ დრომდე არ არის განხილული.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი სამჯერ ჩავარდა, რადგან საბჭოს ხუთი წევრიდან სამის ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. 2019 წლის ოქტომბერში მრჩეველთა საბჭოს 4 წევრს (ნატა იმედაიშვილს, ირაკლი დარცმელიძეს, გიორგი ირემაძეს და ბეჟან გობაძეს) უფლებამოსლების ვადა ამოეწურა. მეხუთე წევრი - გიგა ჩხარტიშვილი საბჭოს წევრად 2018 წლის ნოემბერშია არჩეული.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, „ქართული ოცნების“ კვოტით, მრჩეველთა საბჭოს წევრებად აჭარის ტელევიიზის ყოფილი დირექტორი სოსო სტურუა და მოქმედი თანამშრომელი თამილა დოლიძე აირჩია. ორივე მათგანი ხელისუფლებასთან არის აფილირებული. ოპოზიციის კვოტით კი მრჩეველთა საბჭოს წევრი აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი თამარ წილოსანი გახდა.

2019 წლის ნოემბერში, მეოთხე ცდაზე, ახალი წევრებით დაკომპლექტებულმა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია. კოხრეიძე წინა სამივე კონკურსში მონაწილეობდა.

თანამდებობაზე დანიშვნისთანავე კოხრეიძემ დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორა, რაც მის მოვალეობა იყო შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით. ნათია ზოიძემ სამსახური დატოვა.

ახალმა დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი ნათია შავაძეც.

2020 წლის 19 თებერვალს ახალი ამბების სამსახურის სარედაქციო მიმართულებით უფროსის მოადგილის პოზიციიდან გაათავისუფლეს მაია მერკვილაძე და რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაიყვანეს.

დისციპლინური დევნის შემდეგ, 28 თებერვალს, დირექტორმა ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი გაათავისუფლა.

6 მარტს, დისციპლინური წარმოების წესისა და პროცედურების დაუცველად, დირექტორის ბრძანებით, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე მოხსნეს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანობიდან, 13 მარტს კი ტელევიზიიდან გაათავისუფლეს.

16 მარტს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანად დირექტორმა ნაზიბროლა ქობულაძე დანიშნა, რომელიც აჭარის გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში მუშაობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]