„ქართველები და საქართველოს სახელმწიფო - ჩვენი მეზობლები არიან. გვსურს თუ არა, ჩვენ მათთან საკმაოდ ბევრი კონტაქტი გვაქვს, საქართველოს მოქალაქეების სახით, ასევე აფხაზეთის. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ცხოვრობენ აქ, საზღვარს კვეთენ და გადადიან ხოლმე იქით. ადამიანებს სხვადასხვა პრობლემა აქვთ - სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი მოქალაქეც იძულებულია იქეთ - აქეთ იაროს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად. ხდება ისეც, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე დანაშაულს ჩადიან და თავს საქართველოს აფარებენ. პირიქითაც ხდება ხოლმე. თქვენ იცით, რომ ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ენგურჰესის ენერგეტიკული კომპლექსის ექსპლუატაციას. ესეც კონტაქტების გარკვეული რაოდენობაა. ეს შეიძლება იყოს არც თუ ისე დაშორებული ტერიტორია ან სივრცე, როგორც, ვთქვათ, ჟენევის. აქ, საზღვარზე ან სადმე მახლობლად, აი ასეთი საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც ყოველდღე იჩენენ ხოლმე თავს“, - აღნიშნავს ბჟანია „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 75.68% იყო. ბჟანიამ ხმების 58.47% მოიპოვა, მეორე ადგილზე კი სახელისუფლებო კანდიდატი ადგურ არძინბა გავიდა 34.7 %-ით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს მაშინ, როცა
აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგად გამოდევნილი ნახევარ მილიონამდე იძულებით გადაადგილებულ პირი და ლტოლვილი ვერ ახერხებს საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ხოლო ადგილზე ეფექტურ კონტროლს სრულად ახორციელებს რუსეთის საოკუპაციო ძალა.
„ე.წ. არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას“.
ასლან ბჟანიას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
„არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება, რომელიც მოქალაქეთა ნების თავისუფლად გამოხატვის გარემოში გაიმართა, თქვენი უდიდესი ავტორიტეტის დადასტურებაა თქვენ თანამემამულეთა შორის. ვიმედოვნებ, თქვენი საქმიანობა სახელმწიფოს სათავეში ხელს შეუწყობს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, თქვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას საერთაშორისო არენაზე“, - აღნიშნულია პუტინის მილოცვაში.
ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს ბულგარეთმა, ჩეხეთის რესპუბლიკამ, კანადამ, ესტონეთმა, ფინეთმა, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა, რუმინეთმა, შვედეთმა, უკრაინამ, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ისინი არ აღიარებენ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას.
„ჩვენ კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, გაიყვანოს საკუთარი ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჟენევის საერთაშორისო ფორმატის მოლაპარაკებებს“.