weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახალქალაქის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ჩემი მოკვლა სცადა - ენზელ მკოიანი

21:26 სამშაბათი, 31 მარტი 2020
ფოტოზე - ენზელ მკოიანი ფოტოზე - ენზელ მკოიანი

ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა სამველ პეტროსიანმა მისი მოკვლა სცადა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

„26 მარტს, სამველ პეტროსიანი, ახალქალაქის პოლიციის ყოფილი უფროსი და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაჟორიტარი, რომელიც დღეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრია, კიდევ ერთხელ დაესხა თავს ჩემს ოჯახს და ამჯერად, პირადად ჩემი მოკვლა სცადა.

სიტყვიერი შელაპარაკება, რომელიც მის შვილსა და ჩემს 19 წლის ძმისშვილს, არმენ მკოიანს შორის დაიწყო და რომელსაც საერთოდ არ ვესწრებოდი, მოგვიანებით, ჩემი უშუალო მცდელობით განიმუხტა. მას შემდეგ, რაც კონფლიქტი ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირების გარეშე, ამოწურულად ჩავთვალე და ოჯახის წევრებთან ერთად ტერიტორიის დატოვებას ვაპირებდი, ადგილზე სამველ პეტროსიანი მოვიდა და ჩემი მოკვლა ცეცხლსასროლი იარაღით სცადა.

პეტროსიანმა ჩემი მიმართულებით სამჯერ, დამიზნებით ისროლა და არაერთი თვითმხილველის წინაშე ყვიროდა, რომ ჩემს მოკვლას აპირებდა. ამ ნაამბობს ადასტურებს ჩანაწერები სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან.

რომ არა საპატრულო ეკიპაჟის სწრაფი და დროული ჩარევა და ის ფაქტი, რომ პეტროსიანს მეოთხე გასროლისას იარაღმა უმტყუნა, შესაძლოა, ეს დაპირისპირება ტრაგედიით დასრულებულიყო.

სამწუხაროდ, ზოგიერთი მიკერძოებული მედიასაშუალება მოვლენებს იმგვარად აშუქებს, თითქოს ამ დაპირისპირების ინიციატორი ვიყავი, თუმცა მინდა, სწორედ მათთვის განვმარტო, რომ როდესაც ცეცხლსასროლი იარაღით თავს ესხმი პარლამენტის წევრს და მის მოკვლას ცდილობ, ჰაერში ორი გამაფრთხილებელი გასროლის უფლება, აუცილებელი მოგერიების პირობებში, ნამდვილად მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სამველ პეტროსიანმა, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, მის მიერ გასროლილი ტყვიები საკუთარი ხელით გადამალა, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან კარგად ჩანს, რომ მან ოთხჯერ, დამიზნებით მესროლა.

პეტროსიანების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, შს სამინისტროს თანამშრომლებმა მის სახელზე რეგისტრირებული ათობით სხვადასხვა ტიპის იარაღი ამოიღეს, რომელიც პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გასულ წლებში, მოსახლეობას უკანონოდ ჩამოართვა და საკუთარ სახელზე გაიფორმა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მისმა ვაჟმა, გევორქ პეტროსიანმა, გასული წლის 4 ოქტომბერს ჩემს ძმას, მარტუნ მკოიანს თავის არეში ქვით უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. აქვე განვმარტავ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. ამ მუხლებით არამხოლოდ სამველ პეტროსიანი, არამედ ჩემი 19 წლის ძმისშვილიც დააკავეს, რომელმაც არასაბრძოლო იარაღით ჰაერში ჩემს დასაცავად გაისროლა“ - აცხადებს ენზელ მკოიანი.

ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 მარტს, დაახლოებით 15:30 საათზე, ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარ „გოლდთან“ ს.პ.-მ და ა.მ.-მ ძალადობრივი ქმედებებით და ასეთი ქმედების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხმოვანი პისტოლეტიდან არაერთი გასროლით გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი.

სამართალდამცველებმა ს.პ. და ა.მ. 28 მარტს დააკავეს. ს.პ.-ს და ა.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა.

წარდგენილი ბრალდებები, სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]