weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თერჯოლის მერმა და პირველმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

17:34 ოთხშაბათი, 01 აპრილი 2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ საკრებულოს დღეს მიმართა. გადადგომამდე მერმა პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე გაათავისუფლა და მის ადგილას ლაშა გოგიაშვილი დანიშნა.

ბონდო სოფრომაძეს ტელეფონი გამორთული აქვს. „რეგინფომ“ ვერც მასთან და ვერც ფანჩულიძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

საკრებულოს თავმჯდომარის ნინო ჯანელიძის განმარტებით, მან არ იცის, მერმა და მისმა პირველმა მოადგილემ თანამდებობები რატომ დატოვეს. „განცხადებაში, რომლითაც მერი საკრებულოს მომართავს, რომ ცნობად მივიღოთ მისი გადაწყვეტილება, მიზეზებს არ ხსნის“, - აღნიშნა ჯანელიძემ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, ტარიელ ფანჩულიძის თქმით, მერის და მისი მოადგილის გადადგომა თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატთან, ელგუჯა გოცირიძესთან დაპირისპირებას უკავშირდება.

„ვიცოდით, რომ ერთმანეთთან გარკვეული უთანხმოებები და დაპირისპირება ჰქონდათ, თუმცა საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მოულოდნელი იყო ეს გათავისუფლება. არ ვიცი ლაშა გოგიაშვილი ვინ არის. ბონდო სოფრომაძეს ისე დაანიშნინეს, ალბათ თვითონაც არ იცნობს. წინა გამგებელი, თემურ ჯაფარიძეც ასე მოხსნეს, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. ესეც ასე გაუშვეს. ხალხს აარჩევიბენენ და მერე არავის აღარაფერს ეკითხებიან“, - განაცხადა ტარიელ ფანჩულიძემ.

ბონდო სოფრომაძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერად 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აირჩიეს. მანამდე ის სხვადასხვა სამსახურში მუშაობდა, მათ შორის 2015-2017 წლებში თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ გამოკვლევათა სამმართველოს უფროსად.

რაც შეეხება მანუჩარ ფანჩულიძეს, ის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას 2018 წლის მარტიდან იკავებდა. მანამდე იყო საკრებულოს წევრი და სოფელ ძევრის საჯარო სკოლის დირექტორი.

„რეგინფო“ ელგუჯა გოცირიძეს ვერ დაუკავშირდა, თუმცა ამ თემას დავუბრუნდებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]