weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანებს ახალი გადასახადი უნდა დავაკისროთ - ჟორჟოლიანი

22:12 პარასკევი, 03 აპრილი 2020

საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი შედარებით მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის, დროებით, 1 წლის ვადით ახალი გადასახადის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. მისი განცხადებით, 3 ათასი ლარიდან 6 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ადამიანებს, ახალი გადასახადის სახით უნდა დაეკისროთ 20 %-ის გადახდა სოლიდარობის საყოველთაო ფონდში, 6 ათასი ლარიდან 8 ათასამდე - 30 %-ის, ხოლო 8000 ლარის ზემოთ - 40 %-ის.

„ჩვენი წინადადება სოლიდარობის საყოველთაო ფონდის შესახებ, გულისხმობს საყოველთაო სავალდებულო შენატანის შემოღებას და ამ საშუალებით სპეციალური სახსრების მობილიზებას სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს სახსრები მთავრობის მიერ გამოყენებული იქნებოდა იმ ადამიანთა დასახმარებლად, რომელთაც პანდემიის პირობებში სრულად დაკარგეს შემოსავლები და პრაქტიკულად საარსებო წყარო. რაც შეეხება ნებაყოფლობით საქველმოქმედო შენატანებს, რა წინადადებითაც გამოვიდა პარტია „ქართული ოცნება“ 2 აპრილს - ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია ჩვენი ინიციატივისა. რა თქმა უნდა, ჩვენ ქველმოქმედების წინააღმდეგნი არ ვართ, მაგრამ აბსოლუტურად არასერიოზულია, სახელმწიფომ და მთავრობამ პოლიტიკა განსაზღვროს და განახორციელოს კერძო ინიციატივების იმედად და ცალკეული პარტიების ტაქტიკური თუ საარჩევნოდ განსაზღვრული ნაბიჯების გათვალისწინებით.

ჩვენი წინადადება უზრუნველყოფს სერიოზული თანხების მობილიზებას, წელიწადში დაახლოებით 700-800 მილიონი ლარის ოდენობით. ასეთი თანხა მოგროვდება თუ შედარებით მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანები განახორციელებენ სავალდებულო შენატანებს.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მხარს დაუჭერს ამ სოლიდარულ აქციას“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან 21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტის დილის 8 საათიდან საყოველთაო კარანტინი მოქმედებს, რის გამოც მთელი რიგი აკრძალვები მოქმედებს. სურსათის მაღაზიების, აფთიქებისა და ზოგიერთი საწარმოს გარდა, ყველაფერი გაჩერებულია.

3 აპრილის 22:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 27 პაციენტი, კარანტინის რეჟიმშია - 5392 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 319 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]