weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოქრუაშვილის საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას - აშშ-ის საელჩო

12:26 სამშაბათი, 14 აპრილი 2020

„ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას - საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება“, - აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელიც დღეს, 14 აპრილს გამოქვეყნდა.

გუშინ, 13 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლემ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში ოქრუაშვილი გაამართლა, თუმცა დამნაშავედ ცნო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში. ოქრუაშვილი ბრალს არ აღიარებს და განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

შეგახსენებთ, გასული წლის 20 ივნისს, თბილისში რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან გამოსვლას, ხალხმრავალი საპროტესტო აქციები და დაძაბულობა მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, გავრილოვი რუსული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად მოსკოვში სასწრაფოდ დაებრუნებინა. იმავე საღამოს, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა პარლამენტის შენობის წინ, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით. საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 38 ჟურნალისტი, აქციის ორმა მონაწილემ კი თვალი დაკარგა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერების ინფორმაციით, 2020 წლის 8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმების ნაწილია პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ და შესაბამისად, რაიმე შეთანხმებაზე საუბარი სიმართლე არ არის.

20 ივნისის საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ოპოზიციის კიდევ ერთ ლიდერს, ნიკა მელიას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]