„ბატონო პრემიერი, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენს მშვენიერ ქვეყანაში ჩემი და ჩემი მეუღლის გულთბილი მიღებისათვის. გადმოგცემთ მოკითხვას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან, რომელმაც თქვენთან, თქვენს მთავრობასთან და მამაც ქართველ ხალხთან, ძალიან მარტივი გზავნილი გამომატანა - ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, თქვენს გვერდით ვართ, თქვენი თავისუფლებისა და საერთო ღირებულებებისთვის. განსაკუთრებით მადლიერი ვარ იმ შეხვედრისათვის, რომლებიც ხვალ იგეგმება - შეხვედრა ქართულ და ამერიკულ შეიარაღებულ ძალებთან, რომლებიც ერთად მუშაობენ და ერთობლივ ოპერაციებს აწარმოებენ. ქართველმა ხალხმა საუკუნეების განმავლობაში დაამტკიცა საკუთარი სიმამაცე, დამოუკიდებლობისადმი სიყვარული. ეს არის ხალხი, რომელიც იცავს იმას, რისიც სწამს. დამოუკიდებლობის სულისკვეთება ქართველებსა და ამერიკელებს ერთნაირი აქვთ," - განაცხადა მაიკ პენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თბილისში 31 ივლისს ჩამოვიდა. 1-ელ აგვისტოს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მისი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაიმართება. 15:15 საათზე მაიკ პენსი საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ერთად სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017"-ის მონაწილე სამხედროებს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.
ცნობილია, რომ აშშ ვიცე-პრეზიდენტი სიონის ტაძარს დაათვალიერებს, სადაც მას საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II უპასპინძლებს.
მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში 1-ელ აგვისტოს, საღამოს დასრულდება, რის შემდეგაც ის მონტენეგროში გაემგზავრება.