weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რაზე ისაუბრეს ოპოზიციის წარმომადგენლება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე

12:15 სამშაბათი, 01 აგვისტო 2017

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი დავით უსუფაშვილიც ესწრებოდა. მისი განცხადებით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტების დაცვა იყო.

„საქართველო ვერ იქნება ვერც დაცული და ვერც დემოკრატიული, თუ არ იქნა ეკონომიკურად ძლიერი. დემოკრატიული სტანდარტების დაცვაზე, რათქმაუნდა, ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ. აღვნიშნე, რომ საქართველოს აქვს სერიოზული პრობლემა ამ თვალსაზრისით, მაგრამ გვქონდა უფრო დიდი პრობლემები რამდენიმე წლის წინ, ანუ ჩვენი ამოცანაა, რომ ვიაროთ წინ და არ ვედრებოდეთ წინა ხელისუფლებას“, - განაცხადა უსუფაშვილმა „რუსთავი 2“-თან.

მისივე თქმით, საუბრები იმაზე, რომ საქართველო ქრება დემოკრატიული სამყაროს რადარებიდან, რომ რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში შესაძლოა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსადმი ყურადღება შეასუსტოს, ან პოზიციები შეარბილოს, აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

მაიკ პენსთან შეხვედრას კიდევ სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი დაესწრო - ნიკა მელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, შალვა შავგულიძე „თავისუფალი დემოკრატებიდან“ და დავით ბაქრაძე „ევროპული საქართველოდან“.

შალვა შავგულიძის ინფორმაციით, საუბარი არაფორმალურ მმართველობასაც შეეხეო.

„ვისაუბრე სწორედ იმ პრობლემებზე, რის წინაშეც ვდგევართ. ეს არის უპირველეს ყოვლისა ძალაუფლების გაუმართლებლად ჭარბი კონცენტრაცია მმართველი პოლიტიკური ძალის ხელში და შესაბამისად, ინსტიტუციური მმართველობის მოშლა და არაფორმალური მმართველობა“, - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ საუბრის ძირითადი ნაწილი უკავშირდებოდა საქართველოს მომავალს და უსაფრთხოებას.

„ამ კონტექსტში ვიცე-პრეზიდენტის მესიჯი იყო აბსოლუტურად მკაფიო და ნათელი, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას. საუბრის დიდი ნაწილი ეხებოდა შიდა დემოკრატიას. საქართველო იქნება წარმატებული, მაშინ როცა ის იქნება დემოკრატიული“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ასევე ისაუბრეს სიტყვის თავისუფლებაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრეს.

ოპოზიციურ ძალებთან შეხვედრის შემდეგ მაიკ პენსი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]