„სხვა საკითხებთან დაკავშირებით კი, როგორც ყოველთვის, მზად ვარ სასაუბროდ - თავისუფლად და კონიუქტურის გათვალისწინების გარეშე. ღრმად მწამს, რომ პოლიტიკა არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, განზე დგომა და „იყო სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნო“ მიუღებელია ჩემთვის, ან, როგორც ჰაინრიხ ბიოლი იტყოდა „ჩარევა სასურველია“. ასე რომ, განვაგრძობ ჩემს ინდივიდუალური ჩარევის გზას“, - წერს ბაქრაძე.
მის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა, რამდენიმე დღის წინ, პარტიის ლიდერის მამუკა ხაზარაძის მიერ ტელეკომპანია „პირველისთვის“ მიცემული ინტერვიუ, სადაც ხაზარაძე კატეგორიულად შეეწინააღმდეგა საქართველოში ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინებას და ასევე მათ მიერ ბავშვის აყვანას.
„ჩვენს ქვეყანაში უმცირესობის უფლებები ძალიან კარგად არის დაცული და თუ რაღაც გადახრები ხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ კანონი არ სრულდება. ანუ ვიღაცის უფლებები თუ ირღვევა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები შელახოს. ირღვევა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმცირესობამ უმრავლესობას მოახვიოს თავისი, ასე ვთქვათ, რაღაცა... მე წინააღდეგი ვარ, რომ [ერთი და იმავე სქესის პირთა] ქორწინება დაკანონდეს. შვილი უნდა გაზარდოს დედამ და მამამ“, – განაცხადა მან.