„ეს განცხადება ნიშნავს ერთადერთ რამეს: ბიძინა ივანიშვილს დარჩა ერთადერთი გზა, ეს გზა არის, პირველ რიგში, 8 მარტის შეთანხმების ყველა პირობის შესრულება, ოქტომბერში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შედეგის უპირობოდ მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში ივანიშვილი, რომელიც უკვე ღიად გახდა სანქციების სამიზნე აშშ-ს კონგრესის მხრიდან, რისკის ქვეშ დააყენებს საკუთარ მომავალს და არამხოლოდ პოლიტიკურ მომავალს. ამიტომ, დღეს არჩევანი არის ივანიშვილის ხელში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრების სამუშაო ჯგუფმა გუშინ, 10 ივნისს ანგარიში გამოაქვეყნა. 13 ხელმომწერი კონგრესმენი მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უნდა გავრცელდეს იმ ლიდერებზეც, რომლებიც კრემლის დეზინფორმაციის კამპანიაში არიან ჩართულები, კერძოდ რუსული პროპაგანდის ხელმძღვანელებსა და რუსეთის მოკავშირეებზე სხვა ქვეყნებში, რომლებიც პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ, ძირს უთხრიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სუვერენიტეტს.
„ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია საქართველოს დესტაბილიზაციაში რუსეთის სასარგებლოდ“, – ნათქვამია ანგარიშში.