weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩემთვის მეორეხარისხოვანია ისროდნენ თუ არა დამიზნებით – გახარია 20 ივნისის აქციის დაშლაზე

15:18 ხუთშაბათი, 18 ივნისი 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მისთვის მეორეხარისხოვანია 2019 წლის 20 ივნისს ესროდნენ თუ არა სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს დამიზნებით. გახარიას თქმით, მისთვის მთავარია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანას დიდი დესტაბილიზაცია აარიდა.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებთან თქვა, ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ 20 ივნისის საქმის გამოძიების ფარგლებში 2-ჯერ ნამდვილად იმყოფებოდა დაკითხვაზე.

„სამწუხაროდ, უკვე 8 თვე გავიდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ ვარ და რაღაცები მეხსიერებაში, ხომ იცით, იშლება.

20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება, ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით… ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. ეს ჩემთვის არის მეორე ხარისხოვანი.

ჩემთვის მთავარი არის ის, რომ 20 ივნისს ერთი წელი გავა, ორი წელი გავა, თუ ბევრი წელი გავა ამის შემდგომ, ეს იყო ქმედება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდეს დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა. ეს იყო პარლამენტზე შტურმი, სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მისმა თითოეულმა თანამშრომელმა, მთლიანად სამართალდამცავმა სისტემამ არ დაუშვა. ეს იყო მათი მოვალეობა, რაც მათ უნდა გაეკეთებინათ და მათ ეს გააკეთეს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

2019 წლის 20 ივნისს, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და იქიდან გახსნა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია. დეპუტატის საქციელს საპროტესტო აქცია „სირცხვილია“ მოჰყვა. რუსი დეპუტატების დელეგაცია იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. გვიან ღამით, გავრილოვის გამო პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენა, მათ შორის ისეთიც, რომელიც ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ. ოფიციალური მონაცემებით, საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად, 240 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოებში, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა.

20 ივნისის აქციის დროს, გიორგი გახარია შს მინისტრის თანამდებობას იკავებდა. დაახლოებით სამ თვეში ის დააწინაურეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]