weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები წარადგინა

14:40 პარასკევი, 19 ივნისი 2020

გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა. ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად „ევროპული საქართველოს“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ელენე ხოშტარია დაასახელეს, გლდანში - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი ნიკა მელია.

ისნის მაჟორიტარულ ოლქში „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძეა წარდგენილი, სამგორში - თბილისის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ - ლევან ხაბეიშვილი, მთაწმინდაზე - „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე, ნაძალადევის რაიონში კი კენჭს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი იყრის.

მაჟორიტარობის კანდიდატები შალვა ნათელაშვილმა წარადგინა.

„როდესაც დავით აღმაშენებელმა ამირასგან გაათავისუფლა თბილისი, შემდგომ დამთავრდა არაბთა ბატონობაც და მერე შეიქმნა დიდი საქართველო. დღეს ჩვენ თბილისი უნდა გავათავისუფლოთ ოლიგარქიისგან და არ უნდა დავუშვათ, რომ თბილისიდან მაჟორიტარის ქსელებით ისევ შემოვიდნენ ხელისუფლებაში ის ავად სახსენებელი სახეები. ამისთვის ქართულმა ოპოზიციამ, საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა საკონსულტაციო ფორმატმა მიაღწია უპრეცედენტო, ეპოქალურ ეთობას და ვასახელებთ საერთო მაჟორიტარ კანდიდატებს დედაქალაქის 6 რაიონში.

ყველას გახსოვთ 20 ივნისის დღეები და ღამე. რა თქმა უნდა, ყველას გახსოვთ საქართველოს დროშაშემოხვეული ქალბატონი პარლამენტის სხდომათა დარბაზში, რომელმაც პრაქტიკულად გააძევა ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი გავრილოვი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან, სადაც თავის დროზე ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ეს გახლავთ ქალბატონი ელენე ხოშტარია. ის ვაკეში იყრის კენჭს და დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერა გარანტირებული ექნება.

ერთადერთი პოლიტიკოსი დედამიწაზე, რომელიც ხელისუფლებამ ელექტროსამაჯურით ატარა, დასაჯა, დეპუტატობა წაართვა და პაუხისგებაში მისცა... ამ პიროვნებამ აჩვენა თავისი მამულიშვილობა მთელს ქვეყანას და მსოფლიოს და ეს გახლავთ ნიკა მელია, რომელიც გლდანში იყრის კენჭს.

ყველა ვამაყობთ რეფორმებით, რომელიც საქართველოში გატარდა - მართლაც სანიმუშო რეფორმები, განსაკუთრებით იუსტიციის სფერო. ამ რეფორმების ინიციატორი, ერთერთი მთავარი სულისჩამდგმელი გიორგი ვაშაძეა, რომელიც ისანში იყრის კენჭს. ვადასტურებ მისდამი მხარდაჭერას - ასეთი რეფორმატორი ლიდერები სჭირდება დღეს საქართველოს.

როდესაც ლევან ხაბეიშვილს ვუყურებ, მომავლის იმედი მეცემა. ისეთი მებრძოლი კაცია, 301-ე არაგველი მგონია. ნეპოტიზმის, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი რაინდია ეს ახალგაზრდა ლიდერი. მისი მხარდაჭერა ყველა ჩვენგანის სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვალია სამგორის რაიონში.

მე რომ ვცხოვრობდე მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მიუხედავად საერთო კანდიდატებისა, ხმას მივცემდი ისეთ უფლებადამცველსა და იურისტს, ისეთ დახვეწილ ინტელექტუალსა და ინტელიგენტს, როგორიც შალვა შავგულიძე გახლავთ. ვფიქრობ, მთაწმინდა და კრწანისი ამჯერად ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

თქვენი მონა-მორჩილი ბრუნდება თავის სამშობლოში, თავის პოლიტიკურ აკვანში - ნაძალადევის რაიონში. სწორედ ნაძალადეველთა უდიდესი დამსახურებაა ის, რომ 30 წელია „ლეიბორისტული პარტია“ არსებობს, როგორც ძალა, რომელიც იბრძვის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის განვითარებისთვის. მე სხვა გადაწყვეტილების მიღების უფლება არ მქონდა და მადლობა კოლეგებს, რომ მხარი დამიჭირეს“, – განცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, დიდუბე-ჩუღურეთის და საბურთალოს ოლქების მაჟორიტარი კანდიდატების შესარჩევად გაერთიანებულ ოპოზიციაში კონსულტაციები გაგრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]