weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ევროპული საქართველო საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს

14:48 შაბათი, 20 ივნისი 2020

საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო“ საარჩევნო სისტემის შესახებ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქარაძემ განაცხადა.

„ხვალინდელი კენჭისყრა იქნება გადამწყვეტი და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: 8 მარტის შეთანხმებას აქვს ორი მთავარი კომპონენტი – ეს არის პოლიტიკური პატიმრების გამოშვება და საარჩევნო სისტემის შეცვლა, ამ მომენტის მდგომარეობით, არც ერთი ეს კომპონენტი შესრულებული არ არის. პატიმრობაში რჩება გიორგი რურუა და ხვალ იქნება კენჭისყრა.

იმისთვის, რომ ამ შეთანხმებას ჰქონდეს შესრულების პერსპექტივა, იმისთვის, რომ ხვალ „ქართული ოცნების“ მხრიდან არ ვიხილოთ ისეთივე გადაგდება, რომელიც ვიხილეთ ნოემბერში და ამით წერტილი არ დაესვას ქვეყანაში პროპორციულ და სამართლიან სისტემაზე გადასვლის პერსპექტივას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას მიიღებს ხვალინდელ სხდომაში და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის განმარტებით, თუ პირველ მოსმენაზე საკითხი ჩავარდება, ამით საარჩევნო სისტემის ცვლილების განხილვაც დასრულდება, ხოლო თუ მხარდაჭერას მოიპოვებს, მეორე და მესამე მოსმენების დასრულებამდე გაჩნდება დამატებითი დრო, რომ  პროკურატურამ მიიღოს გადაწყვეტილება გიორგი რურუას გათავისუფლებაზე.

საპარლამენტო ოპოზიცია, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ წევრები აცხადებდნენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდნენ, თუ ხელისუფლება „მთავარი არხის“ მეწილეს, გიორგი რურუას წინასწარი პატიმრობიდან არ გაათავისუფლებდა. მათი თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო.

 „ევროპული საქართველოს“ დღევანდელ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორი ელჩების განცხადება, რომლითაც 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. საპარლამენტო პარტიებს ანალოგიური მოწოდებით მიმართეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.

პარლამენტი კონსტიტუციური კანონის პროექტს პირველი მოსმენით ხვალ, 21 ივნისს განიხილავს. 85 პარლამენტარის მიერ ინიციირებული პროექტი ითვალისწინებს მანდატების გადანაწილების წესს პროპორციული სისტემის სასარგებლოდ 120/30-ზე. ასევე, გათვალისწინებულია 1%-იანი ბარიერი პარტიებისთვის, ხოლო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენი პარტია შევა ბლოკში. ცვლილება ითვალისწინებს, ასევე, 40%-იან ჩამკეტ მექანიზმს - თუ არჩევნებში პოლიტიკური პარტია ვერ მიიღებს 40%-ზე მეტ მხარდაჭერას, ის ვერ მოიპოვებს პარლამენტში უმრავლესობას და ვერ მოახდენს დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]