weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დაჟინებით არ ვითხოვთ ბოდიშს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი პირობაა – გავრილოვის მიმართვა

15:51 შაბათი, 20 ივნისი 2020

„ბინძური მეთოდებით შიდაპოლიტიკური პრობლემების მოგვარების მცდელობა, საქართველოს ისტორიაში უნიკალური მოვლენის - მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის გამოყენებით, იმსახურებს იმას, რომ დაგმობილი იქნეს არა მარტო მართლმადიდებელი დეპუტატების, არამდედ საქართველოს მთავრობის მიერაც“, – აცხადებს რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ვიდეომიმართვაში, რომელიც 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლისთავზე გამოაქვეყნა.

გავრილოვის განცხადებით, ერთი წლის წინ განვითარებული მოვლენების გამო რუსული მხარე ბოდიშს არ ელის, მაგრამ მიიჩნევს, რომ ქართველების მხრიდან ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა.

„ჩვენ დაჟინებით არ ვითხოვთ ბოდიშის მოხდას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მომხდარის გამო ბოდიშის მოხდა დეპუტატებისთვის, მათ შორის ევროპული პარლამენტების მართლმადიდებელი დეპუტატებისთვის, ძმებისთვის, რომლებსაც საქართველოსთვის მხოლოდ სიკეთე სურთ, ბოდიშის მოხდა რუსეთის წინაშე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ჩვენი საერთო ისტორიის შეურაცხყოფის გამო - მნიშვნელოვანი პირობაა ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების სრულად აღსადგენად. გამბედაობაა საჭირო იმისთვისაც, რომ სრულად აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა, რაც არ გვაქვს“, – ამბობს გავრილოვი.

მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს „საუკუნოვანი ურთიერთობის განადგურებისკენ მიმართულ პროვოკაციებში დამნაშავეებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა და თუ აუცილებელია, სასჯელიც“

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთვის ახლობელი ქვეყნის, საქართველოს ხელისუფლებას უბრალო ხალხმა უნდა მისცეს დავალება, რომ ბოლოსდაბოლოს, აღადგინოს კანონის და წესრიგი, დემოკრატიული უფლებები და თავისუფლებები, შეაჩეროს ისინი, ვინც შარშან წავიდა მკრეხელობასა და სახელმწიფო გადატრიალებაზე ღია ანტი-მართლმადიდებლური, ანტიქრისტიანული ლოზუნგებით, ჩვენი წმინდა ტრადიციული ოჯახური ფასეულობების ფეხვეშ გათელვით, რუსოფობიით, ძმების სიძულვილით.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას იმისთვის, რომ საბოლოოდ გაანადგუროს რევანშისტი-გადამტრიალებლების გეგმები, რომლებსაც, ქვეყნიდან გაძევებული, კანონით დევნილი ყოფილი პრეზიდენტის კვალდაკვალ, სურდათ საქართველოში დემოკრატიის განადგურება, თავიანთი ქვეყნისგან ავტორიტარული ნეოკოლონიური პლაცდარმის შექმნა გარეგანი ძალებისთვის, რათა გაანადგურონ მყიფე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მშვიდობა როგორც ამიერკავკასიაში, ისე მთლიანად ახლო აღმოსავლეთში.

არ გვახსოვს წყენა, თუმცა, რა თქმა უნდა, უკიდურესად არასასიამოვნოა ჩვენთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ და ხელმძღვანელობამ მომხდარ მოვლენებს არ მისცეს სამართლიანი შეფასება“, – ამბობს სერგეი გავრილოვი.

გავრილოვი თბილისში 2019 წლის 19-20 ივნისს, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიის ფარგლებში ჩამოვიდა. 20 ივნისს მან საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და იქიდან მიმართა ასამბლეის დელეგატებს. ამ ფაქტმა საზოგადოების დიდი პროტესტი და მრავალათასიანი აქცია გამოიწვია, რის გამოც გავრილოვს და რუსეთის დელეგაციის სხვა წევრებს საქართველოს დატოვება მოუხდათ.

საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილმა დემონსტრანტებმა პარლამენტის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომა მოითხოვეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ჯგუფმა პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა, რასაც ჯერ სამართალდამცავებსა და დემონსტრანტების ნაწილს შორის ფიზიკური დაპირისპირება, შემდეგ კი აქციის დარბევა მოჰყვა. ხალხის დასაშლელად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენა, მათ შორის ისეთიც, რომელიც ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ.

20-21 ივნისის ღამეს, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, შსს-ს თანამშრომლებმა სულ 342 ადამიანი დააკავეს. ოფიციალური მონაცემებით, საავადმყოფოებში 240 ადამიანი მოხვდა, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა. დაშავდა 30-ზე მეტი ჟურნალისტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]