weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მივმართავ გავრილოვს, კადიროვს და პუტინს: ჩვენი ქვეყნის წინაშე დაჩოქება მოგიწევთ – ხოშტარია

21:48 შაბათი, 20 ივნისი 2020
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების ერთი წლისთავზე თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

მისი თქმით, ერთი წელი კი არა, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ისტორიიდან ვერ ამოიშლება 2019 წლის 20 ივნისი.

„არასდროს ამოიშლება, ყოველთვის გვემახსოვრება და ყოველთვის მოვითხოვთ პასუხს იმაზე რაც ერთი წლის წინ, ამ დღეს მოხდა. 20 ივნისი არის ტკივილის დღე, იმიტომ, რომ დღეს აქ და სახლებშიც არიან ადამიანები, ვინც იმ ძალადობისგან საშინლად დააზარალდნენ. 

ხშირად ამ სახელების ხსენება არ მიყვარს, მაგრამ დღეს არ შეიძლება არ ვახსენო კობა ლეთოდიანი, რომელმაც ერთ თვალზე მხედველობა აფხაზეთის ომის დროს დაკარგა და მეორე თვალზე აი აქ, ქართველი პოლიციელებისგან, „ქართული ოცნებისგან“ და დღეს საერთოდ ვეღარ იხედება. ეს ტკივილი დაუვიწყარია და ვერასდროს ვერ წაიშლება. 

20 ივნისი არის „ქართული ოცნების“ სირცხვილის დღე, რომელსაც ვერ მოიწმენდენ, მაგრამ ამასთანავე ეს არის ქართველი ხალხის ღირსების დღე. 

ღირსების, როდესაც ჩვენ ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“ და გავრილოვს გამოვართვით და ვუთხარით, რომ გვეკუთვნის ჩვენ, ეკუთვნის დასავლეთს, თავისუფლებას და ადამიანის ღირსებას. ამიტომ, 20 ივნისს, მიუხედავად ტკივილისა, ჩვენ ძალიან დიდი ბრძოლა დავიწყეთ. ბრძოლა, რომელიც ოქტომბერში ძალიან დიდ ეტაპს გაივლის. ოქტომბერში ჩვენ ამ „ქართულ ოცნებას“ შევცვლით, მაგრამ ეს ბრძოლა კიდევ უფრო დიდია. ვინც ხელისუფლებაში მოვალთ არავინ აღარ გაიფიქროს, რომ თავის მოქალაქეებს ასე მოეპყროს. და ბოლოს, მე მინდა გავრილოვს, კადიროვს და პუტინს მივმართო. ბოდიშის მოხდა კი არა, ჩვენი ქვეყნის წინაშე დაჩოქება მოგიწევთ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ერთი წლის წინ, 2019 წლის 20 ივნისს, თბილისში, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოშიც რუსეთის დუმის დეპუტატი და ასამბლეის პრეზიდენტი, სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა. მან საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და იქიდან მიმართა ასამბლეის დელეგატებს. ამ ფაქტმა საზოგადოების დიდი პროტესტი და მრავალათასიანი აქცია გამოიწვია, რის გამოც გავრილოვს და რუსეთის დელეგაციის სხვა წევრებს საქართველოს დატოვება მოუხდათ.

საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილმა დემონსტრანტებმა პარლამენტის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომა მოითხოვეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ჯგუფმა პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა, რასაც ჯერ სამართალდამცავებსა და დემონსტრანტების ნაწილს შორის ფიზიკური დაპირისპირება, შემდეგ კი აქციის დარბევა მოჰყვა. ხალხის დასაშლელად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენა, მათ შორის ისეთიც, რომელიც ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ.

20-21 ივნისის ღამეს, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, შსს-ს თანამშრომლებმა სულ 342 ადამიანი დააკავეს. ოფიციალური მონაცემებით, საავადმყოფოებში 240 ადამიანი მოხვდა, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა. დაშავდა 30-ზე მეტი ჟურნალისტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]