weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

16:09 კვირა, 21 ივნისი 2020

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შესახებ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები დღეს პირველი მოსმენით განიხილა და 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

კენჭისყრამდე დეპუტატებს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც თქვა, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად არის შესაძლებლობა, არჩევნები ჩატარდეს იმგვარი საარჩევნო სისტემით, რომელზეც სრულიად პოლიტიკური სპექტრი თანხმდება. 

„ეს არის უნიკალური შესაძლებლობა 25 წლისთავზე მას შემდეგ, რაც ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუცია და ბუნებრივია, თითიეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, ხელიდან არ გავუშვათ ეს შესაძლებლობა.

როდესაც საუბარია სრულად და არასრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მინდა შეგახსენოთ, რომ ეს სისტემა - 120/30-ზე პრაქტიკულად წარმოშობს იმის იდენტურ შედეგს, რა შედეგსაც წარმოშობდა სრულად პროპორციული სისტემა 5%-იანი საარჩევნო ბარიერით.

ამ სისტემის საფუძველზე ზუსტად ისევე განაწილდება მანდატები უმრავლესობასა და უმცირესობას შორს, როგორც განაწილდებოდა სრულად პროპორციული სისტემით 5%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც შემოთავაზებულია წარმოდგენილი კანონპროექტით. ეს ცვლილება სიმყარეს შესძენს კონსტიტუციის ახალ რედაქციას, რომელიც მივიღეთ ორი წლის წინ და რომელიც ადგენს ევროპული ტიპის ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას თავისი სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით“, - განაცხადა ირალი კობახიძემ.

დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომლის წევრებიც აცხადებენ, რომ კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენით მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუ ხელისუფლება პატიმრობიდან გაათავისუფლებს „მთავარი არხის“ ერთერთ მეწილეს, გიორგი რურუას. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ პოლიტპატიმრების, მათ შორის რურუას, გათავისუფლება 8 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ერთერთი პირობა იყო. 

პირველ მოსმენაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის გადაწყვეტილება „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გუშინ მიიღეს. დავით ბაქრაძის თქმით, ამით მათ „პროპორციული სისტემა“ გადაარჩინეს, ხოლო მეორე და მესამე მოსმენაზე ცვლილებებს მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ, თუ რურუა გათავისუფლდება. 

„ბურთი არის ხელისუფლების მხარეს. ჩვენ დღევანდელი კენჭისყრით უზრუნველვყავით, რომ პროცესი დაიწყო და გაგრძელდა. ახლა არის ხელისუფლების გადასაწყვეტი. თუ ისინი შეასრულებენ 8 მარტის შეთანხმებას, ჩვენ მზად ვიქნებით, მხარი დავუჭიროთ ცვლილებებს მეორე-მესამე მოსმენით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების მოწინააღმდეგეებს, ესენი არიან: დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, კახაბერ ოქრიაშვილი („ქართული ოცნება“), ბიძინა გეგიძე („ქართული ოცნება“), ალექსანდრე ერქვანია („ქართული ოცნება“), ემზარ კვიციანი („პატრიოტთა ალიანსი“). სხდომას ესწებოდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ნატო ჩხეიძეს.

„მე მხარი დავუჭირე სრულიად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას, რადგან ეს იყო ბრძოლის შედეგად მიღებული მონაპოვარი და დღევანდელი ცვლილებები ვერ ახდენს იმ გადაგდების კომპენსირებას, რაც მაშინ მოხდა“, - განაცხადა ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბიძინა გეგიძემ.

ემზარ კვიციანის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერდა მხარს, თუ კონსტიტუციაში შევიდოდა ცვლილება არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულოობის შესახებ.

„ვერ ჩატარდება საქართველოში სამართლიანი არჩევნები, თუ არ იქნება სავალდებულო და თუ არ გამოვლენ ადამიანები არჩევნებზე. თუ გვინდა, რომ ოდნავ ქართული არჩევნები ჩავატაროთ და საქართველოს მოსახლეობა იყოს ხელისუფლების წყარო, ეს ცვლილება უნდა შევიდეს აუცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ხმას ვერ მოგცემთ“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს პარლამენტში მანდატების გადანაწილების წესს პროპორციული სისტემის სასარგებლოდ 120/30-ზე (120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატი). ასევე, გათვალისწინებულია 1%-იანი ბარიერი პარტიებისთვის, ხოლო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენი პარტია შევა ბლოკში. ცვლილება ითვალისწინებს, ასევე, 40%-იან ჩამკეტ მექანიზმს - თუ არჩევნებში პოლიტიკური პარტია ვერ მიიღებს 40%-ზე მეტ მხარდაჭერას, ის ვერ მოიპოვებს პარლამენტში უმრავლესობას და ვერ მოახდენს დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]