weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

6 მილიონი ლარი მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ნათესავებს – TI

13:29 ოთხშაბათი, 24 ივნისი 2020

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნებიდან“ ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ნათესავების სამმა კომპანიამ - „აისმა“, „ქედემ“ და „გიგა 2015“-მა ბოლო 5 წელიწადში სახელმწიფო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით 6 მილიონ ლარამდე მიიღო.

კვლევის თანახმად, 2016-2020 წლებში მაჟორიტარი დეპუტატის ბიძაშვილის, რომან ბოლქვაძის შპს „გიგა 2015“-მა სახელმწიფო შესყიდვებიდან 3 825 175 ლარი მიიღო; რძლის, გურანდა გობაძის შპს „აისმა“ – 1 148 599 ლარი; მამიდაშვილის შვილის, არჩილ ქედელიძის შპს „ქედემ“ 844 768 ლარი.

„სამივე კომპანიამ ჯამში უკონკურენტო პირობებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 2 317 773 ლარი მიიღო. ამ კომპანიებისთვის უკონკურენტო გარემოს ხელოვნურად შექმნა, ვფიქრობთ, უნდა გახდეს საგამოძიებო ორგანოების მოკვლევის საფუძველი“, – აცხადებს კვლევის ავტორი ორგანიზაცია.

კვლევის თანახმად, კურორტ გოდერძიზე 2020 წელს გახსნილი სასტუმრო „არსიანის“ მეწილე გახდა ის კომპანია, რომელშიც წილს ანზორ ბოლქვაძის მეუღლე ფლობს, თუმცა ამის შესახებ ანზორ ბოლქვაძეს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. დეპუტატის შვილი, როლანდ ბოლქვაძე 2008 წელს მამის მაჟორიტარად არჩევიდან მალევე, აჭარის საგზაო დეპარტამენტში დასაქმდა. ამჟამად იგი ამავე დეპარტამენტში ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი და სატენდერო კომისიის წევრია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მოსაზრებით, ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატის, მისი ოჯახის წევრების და ახლო წრის წარმომადგენელთა ბიზნესაქმიანობა არაერთ კითხვას აჩენს კორუფციის რისკებთან, ნეპოტიზმთან და დეპუტატის მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით.

„ანზორ ბოლქვაძისა და მისი ახლობლების ეკონომიკური საქმიანობა/ინტერესები ნათლად აჩვენებს ქვეყანაში მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებებს, რითაც ათწლეულია სარგებლობს სხვადასხვა მაჟორიტარი - ისინი საკუთარ საარჩევნო ოლქში სარგებლობენ დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენით, რაც ხშირად სრულდება მათი ახლობლების საჯარო სამსახურებში დასაქმებითა და მათთან დაკავშირებული კომპანიების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებით. საბოლოოდ კი საზოგადოება შედეგად იღებს კორუფციის გაზრდილ რისკებსა და ნაკლოვან საჯარო მმართველობას“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოკვლევა იმ სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით, რომლებიც კომპანია „აისის“, „ქედესა“ და „გიგა 2015“-ის უკონკურენტო პირობებში გამარჯვებით დასრულდა; ასევე, მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, საგანგებოდ შეამოწმოს ანზორ ბოლქვაძის ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული მონაცემები და არასრული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, იმოქმედოს კანონით დადგენილი ნორმებით.

ანზორ ბოლქვაძე 12 წელია პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია. 2008-2012 წლებში ის საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის“ იყო არჩეული, 2012-2016 წლებში საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, ხოლო 2016 წლის მაჟორიტარ კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანახმად, ამ 12 წლის მანძილზე ანზორ ბოლქვაძემ პარლამენტში განსახილველად სულ 5 ინიციატივა წარადგინა. 5-დან მხოლოდ 2 შემთხვევაში იყო ინიციატივის ავტორი - ერთი დამოუკიდებლად, მეორე კი სხვა დეპუტატებთან ერთად მოამზადა. დანარჩენი 3 წარდგენილი დოკუმენტი აჭარის მთავრობაში, აჭარის მთავრობის გარემოს დაცვის სამმართველოსა და ბათუმის მერიაში მომზადდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]