weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსული ოკუპაცია ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად რჩება – გახარია

13:20 პარასკევი, 26 ივნისი 2020

„რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ 20%-ზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის შეზღუდვა, რომელიც რეალური ფაქტორია ქვეყნის შემდგომი განვითრებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

„ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ 20% ჩვენი მიწის ან ტერიტორიის შეზღუდვა, ეს არის ყველა სფეროს, პირველ რიგში, ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ვართ შეზღუდული 20%-ით. ეკონომიკაა შეზღუდული კიდევ უფრო მეტად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო, პასუხს აგებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ყველა ფაქტზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება.

„ბორდერიზაციით დაწყებული, ადამიანის გატაცებით, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის, ჯანმრთელობის უფლების შეზღუდვით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვით, ყველა ეს მიმართულება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ყველას კარგად გვესმის, რომ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ყველა ამ ნაბიჯზე არის პასუხისმგებელი. გარდა ამისა, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ცხინვალის რეგიონი, ისევე როგორც აფხაზეთი, ოკუპაციის ტერიტორიის იქითა მხარეც, არიან ჩვენი მოქალაქეები და ყველა ის სახელმწიფო სერვისი და მომსახურება, რომელსაც ჩვენ ვაწვდით ჩვენს მოქალაქეებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ყველა ჩვენი მოქალაქისთვის ეს ხელმისაწვდომი იყოს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა რჩება საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები არის ის უმძიმესი და უაღრესად მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულება როგორც ჩვენი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურისთვის, ისე ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის. საერთაშორისო საზოგადოების პროაქტიურ რეჟიმში მობილიზება, საერთაშორისო საზოგადოებაში აზრის შექმნა იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური შრომის საგანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]