weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები პარლამენტს საარჩევნო სისტემის შეცვლას ულოცავენ

17:46 ორშაბათი, 29 ივნისი 2020

საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მწუხარებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ზოგიერთმა პარტიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

„გულითადად ვულოცავთ საქართველოს პარლამენტს დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლებიც მიზნად ისახავს პარლამენტში პლურალიზმის გაზრდასა და უფრო ფართო წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში.

ვაღიარებთ, რომ ეს ცვლილებები ასახავს იმ კომპრომისებს, რომელთა მისაღწევად საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს სირთულეების გადალახვა დასჭირდათ და მივესალმებით მათ, ვინც უზრუნველყო ამ ცვლილებების წარმატებით დასრულება. ვწუხვართ, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა [კენჭისყრაში].

ამჯერად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ჩაერთონ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეფორმების რეკომენდაციების მიღებასა და შესრულებაში. ეს უაღრესად საჭირო რეფორმები ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს შექმნას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საარჩევნო ყუთებთან ხმის თავისუფლად მიცემას.

8 მარტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ისეთი ქმედებების მოგვარებას, რაც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოსა და საარჩევნო პროცესების უმართებულო პოლიტიზაცია, კვლავაც გადამწყვეტია ქვეყანაში გამართული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მისაღწევად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებაზე დაკვირვებას, განსაკუთრებით, ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში.

და ბოლოს, გვსურს, ყველა მხარემ პატივი სცეს ჩვენს, როგორც ამ პროცესში ჩართული ფასილიტატორების როლსა და კეთილსინდისიერებას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისმა გამოაქვეყნა.

მიღებული ცვლილებების შედეგად 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოვებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება - 120 დეპუტატი პროპორციულად, ხოლო 30 მაჟორიტარული წესით აირჩევა.

საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი პარლამენტის 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, სამმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა იმ საფუძვლით, რომ მმართველმა პარტიამ ბოლომდე არ შეასრულა 8 მარტს მიღწეული შეთანხმება და წინასწარი პატიმრობიდან არ გაათავისუფლა „მთავარი არხის“ მეწილე, გიორგი რურუა, რომელსაც პოლიტპატიმრად მიიჩნევენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]