weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეს თვითონ ქალბატონებისთვისაც შეურაცხმყოფელი უნდა იყოს – პაპუაშვილი გენდერულ კვოტირებაზე

13:57 ოთხშაბათი, 01 ივლისი 2020

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, ის კვლავ ეწინააღმდეგება სავალდებულო გენდერულ კვოტირებას, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტები ვალდებული იქნებიან, საარჩევნო სიაში ყოველ მეოთხე კანდიდატად განსხვავებული სქესის წარმომადგენელი შეიყვანონ.

„ჩემი აზრით, ამ კვოტების ასე ხელოვნურად დაგეგმვა, თავისუფლების არ მიცემა და დაკანონება, რომ ყოველი მეოთხე უნდა იყოს ქალი, ეს ძალიან ბევრ კითხვებს გააჩენს.

ეს თვითონ ქალბატონებისთვისაც შეურაცხმყოფელი უნდა იყოს. უნდა უთხრა - შენ შეიძლება არ გაქვს კვალიფიკაცია, მაგრამ რადგან ქალი ხარ, ამის გამო უნდა მიგიღოთ. კვალიფიკაცია უნდა იყოს უფრო მაღალ დონეზე.

ისეთი ქალბატონებს ვიცნობ, რომ ცოდნითა და კვალიფიკაციით შეიძლება ათი და ოცი მამაკაცი გვერდზე ვერ დაუდგეს. მათი მანდილოსნობა დაფასებული იქნება ოჯახშიც, საზოგადოებაშიც, მაგრამ საქმისთვის, ქვეყნისთვის ჯობია ვილაპარაკოთ კვალიფიკაციაზე და პროფესიონალიზმზე“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

მის მსგავსად სავალდებულო კვოტირებას ეწინააღმდეგება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გიორგი ლომია, რომლის თქმითაც, გენდერული კვოტირებით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი ირღვევა. „ქართული ოცნების“ წევრმა, რევაზ არველაძემ კი თქვა, რომ შესაძლოა ყველა პარტიას არ ჰქონდეს რესურსი, გენდერული კვოტირების მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

საქართველოს პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც საარჩევნო კოდექსის რეფორმირებას ეხება. საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის მომდევნო არჩევნებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტის დაწესებას ითვალისწინებს.

„ყოველ ოთხეულში მითითებული უნდა იყოს სულ მცირე ერთი განსხვავებული სქესის კანდიდატი. ასეთი რეგულაცია მოქმედებს 2020 და 2024 წლების საპარლამენტო არჩევნებისთვის, მანამდე კი რიგგარეშე არჩევნებისთვის. 2028 წელს უკვე სიაში ყოველი მესამე უნდა იყოს განსხვავებული სქესის კანდიდატი. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს პარლამენტში თანდათანობით, ყოველი მოწვევის პარლამენტში გაიზრდება ქალთა წარმომადგენლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი წარადგინა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს პარლამენტში 21 ქალია, რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელი მსოფლიოში.

„სულ მცირე 30-მდე გაიზრდება საქართველოს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სულ მცირე 37-მდე 2024 წლის არჩევნების შემდეგ და სულ მცირე 50-მდე უკვე 2028 წლის არჩევნების შემდეგ“, – აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, კანონპროექტის თანახმად, საარჩევნო სუბიექტები ვალდებული იქნებიან, სიაში ყოველ მეორე კანდიდატად განსხვავებული სქესის წარმომადგენელი დაასახელონ.

გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა 2018 წელს ჩააგდო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]