weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დეპუტატთან დაკავშირებულმა შპს-ებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 6 მილიონი მიიღეს – TI

14:35 პარასკევი, 03 ივლისი 2020

არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ (Transparency International) კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძისა და მისი შვილის ოთარ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა ბოლო ორ წელში, სახელმწიფო შესყიდვებიდან 6 264 688 ლარი მიიღეს. 

ვიქტორ ჯაფარიძე შპს „სეტი+“-ის 33.3% წილს ფლობს. TI-ის კვლევის მიხედვით, ეს კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში 2019 წლის ივლისიდან არის ჩართული და 10 გამარტივებული შესყიდვა აქვს მიღებული, ჯამური ღირებულებით 57 762 ლარი.

„სეტი+“-სგან სასტუმროს, რესტორნისა და კვების მომსახურება შეისყიდეს მესტიის მერიამ, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ“, – ვკითხულობ „საერთაშორისო გამოჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაში.

ოთარ ჯაფარიძე წილს 7 კომპანიაში ფლობს, მათ შორის იგი შპს „ექსპერტ ჰაუსის“ 24% წილის მფლობელია. ეს კომპანია 2017 წლიდან დღემდე 14 ტენდერში მონაწილეობდა და 6 შემთხვევაში გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 2 571 006 ლარი შეადგინა. კვლევიდან ირკვევა, რომ სხვადასხვა დროს „ექსპერტ ჰაუსმა“ მშენებლობასთან დაკავშირებული და საინჟინრო მომსახურება გაუწია ხობის, ბოლნისის, ზუგდიდის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს.

„ოთარ ჯაფარიძე ასევე არის შპს „TOB კონსტრაქშენის“ 50% წილის მფლობელი. 2018 წელს შპს სულ ორ ტენდერში მონაწილეობდა და ორივეჯერ უკონკურენტოდ გაიმარჯვა, ორივე შემთხვევაში შემსყიდველი „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ იყო, ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ კი 3 635 920 ლარი შეადგინა. შესყიდვის საგანს ქვიშა-ღორღი და ბეტონი წარმოადგენდა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ მოთხოვნილი ჰქონდა, რომ ორივე ტენდერის შემთხვევაში მიმწოდებლის ქარხანა უნდა ყოფილიყო მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი იფარიდან არაუმეტეს 30 კილომეტრის რადიუსში.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პერიოდში „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ზუგდიდი - ჯვარი - მესტია - ლასდილის საავტომობილო გზის 165-177 კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, ეს სამუშაოები კი „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ ტენდერის (განაცხადის ნომერი: DAP170000180) ფარგლებში განხორციელდა, რომელშიც 2017 წლის დეკემბერში სწორედ „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ გაიმარჯვა“, – აღნიშნულია TI-ის კვლევაში.

პოლიტიკური შემოწირულობები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის თანახმად, ვიქტორ ჯაფარიძე, მისი მეუღლე ნათია ხვისტანი და ოთარ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორები „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველები არიან – მათ 2012 წლიდან დღემდე პარტიას ჯამში 360 000 ლარი, ხოლო 2018 წელს პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირეს.

კვლევის თანახმად:

  • ვიქტორ ჯაფარიძემ 2012-2017 წლებში ოთხჯერ, ჯამში 120 000 ლარი შესწირა პარტიას;
  • ნათია ხვისტანმა 2017 წელს 55 000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“, 2018 წელს კი 50 000 ლარი პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს;
  • ოთარ ჩართოლანმა - შპს „სეტი+“-ის 66.7% წილის მფლობელმა, 2014-2016 წლებში, ორჯერ, ჯამში 103 000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ (ოთარ ჩართოლანი ასევე არის მეუღლის და შვილის ბიზნესპარტნიორი შემდეგ კომპანიებში: შპს „სეტი“ {50% წილი}, შპს „ქცია 94“ {20.99% წილი}, შპს „დიდველი +“ {10% წილი}, შპს „ოთო“ {33.3% წილი} და შპს „All seasons“ {50% წილი};
  • კახაბერ გამისონიამ - შპს „ექსპერტ ჰაუსის“ 51% წილის მფლობელმა და დირექტორმა - 2014 წელს 15 000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“;
  • მურად ჯობავამ - შპს „ექსპერტ ჰაუსის“ 5% წილის მფლობელმა - 2014-2017 წლებში სამჯერ, ჯამში 47 000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას;
  • ოთარ მაზმიშვილმა - შპს „TOB კონსტრაქშენის“ დირექტორმა - 2017 წელს 20 000 ლარი შესწირა პარტია „ქართულ ოცნებას“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, ვიქტორ ჯაფარიძეს საკუთარი და მეუღლის პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია დეკლარაციაში არც ერთხელ არ მიუთითებიათ. ეს მაშინ, როდესაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია, დეკლარაციაში ასახოს ფულადი გასავალი, რომლის ოდენობაც აღემატება 5 000 ლარს.

TI მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ ვიქტორ ჯაფარიძესთან და მის შვილთან დაკავშირებული კომპანიების თითოეული ტენდერი და დაადგინონ, ხომ არ იყო ისინი ზემოაღნიშნული კომპანიებისთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს. გარდა ამისა, ორგანიზაცია მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს დეპუტატის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

20042008 წლებში ვიქტორ ჯაფარიძე მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. პარლამენტის არჩევნებზე ის საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. 2012 წელს ჯაფარიძე მეორედ გახდა მესტიის მაჟორიტარი, ამჯერად „ქართული ოცნებიდან“. 2016 წელს ის პარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით შევიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]