weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კატეგორიულად მოვითხოვთ დაჭრილი მოქალაქის გადმოცემას - საგარეო საქმეთა სამინისტრო

07:47 კვირა, 12 ივლისი 2020
ფოტო © Sergey Bobylyov ფოტო © Sergey Bobylyov

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ კატეგორიულად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და უკანონო დაკავებას. ქართული მხარის შეფასებით, ეს არის საოკუპაციო ძალების მორიგი სახიფათო პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიის დროს ადგილზე ვითარების დაძაბვასა და დესტაბილიზაციას.

„კატეგორიულად მოვითხოვთ დაჭრილი და უკანონოდ თავისუფლება აყრილი საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გადმოცემას ქართული მხარისთვის“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშად დარღვევის მორიგ მაგალითს, ასევე კორონავირუსის პანდემიის პირობებში გლობალური მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოწოდების სრულ უგულვებელყოფას.

„მსგავსი პროვოკაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან, რომლებიც უკანონოდ არიან განლაგებული საქართველოს ტერიტორიის შუაგულში და უხეშად არღვევენ ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავი წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, მკაცრი შეფასება მისცეს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების აღსაკვეთად“, - ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს 1987 წელს დაბადებული ზაზა გახელაძე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონო დაკავების პროცესში, გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]