weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოთარ სირაძეს და მის ძმას ბრალი ჯგუფური ძალადობის მუხლით წარუდგინეს

15:13 ხუთშაბათი, 16 ივლისი 2020
ოთარ სირაძეს და მის ძმას ბრალი ჯგუფური ძალადობის მუხლით წარუდგინეს კადრი ინციდენტის ამსახველი ვიდეოდან

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორსა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, ოთარ სირაძეს და მის ძმას, დავით სირაძეს პროკურატურამ ბრალი ჯგუფური ძალადობის მუხლით წარუდგინა. დანაშაული ჯარიმას ან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ოთარ სირაძე ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ინციდენტი მისივე საცხოვრებელ სახლთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იყო პროვოცირებული.

ოთარ სირაძესა და „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტს, ნიკოლოზ ღლონტს შორის, ინციდენტი 4 ივლისს, დაახლოებით 18:40 საათზე, ამბროლაურში, ვანო კობახიძის ქუჩაზე მოხდა.

ოთარ სირაძე მომხდარს ასე ხსნის: „4 ივლისს, 16:00 საათზე, ონში ონის ჰესების კასკადის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციას „ნაციონალური მოძრაობაც“ შეუერთდა. მიგვაჩნია, რომ გიგანტური ჰესების მშენებლობა რაჭისთვის კატეგორიულად მიუღებელი და დამაზიანებელია.

აქციის მიმდინარეობის დროს ინტერვიუს ვაძლევდი „მთის ამბების“ ჟურნალისტს, რა დროსაც თბილისიდან ორგანიზებულად ჩამოყვანილმა სუსის „ტიტუშკებმა“ არაერთხელ შეიგინეს ჩვენი, ნაციონალური მოძრაობის მისამართით. პასუხად მე ზრდილობისკენ მოვუწოდე“.

„მთის ამბების“ მიერ გავრცელებული ვიდეოდან (3:11 წთ) დასტურდება, რომ ინტერვიუს ჩაწერის დროს, ორი გოგონა, სირაძის მისამართით ამბობს - „ნაცებო წაეთრიეთ“, მათთან ერთად მყოფი ბიჭი კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართ იგინება.

„მოგვიანებით, როცა ონში აქცია დამთავრდა, ეს უცნობი პროვოკატორები დამხვდნენ ამბროლაურში, ჩემს სახლთან, სადაც ჩემი მოხუცებული დედა ცხოვრობს. კამერამომარჯვებულები მომადგნენ სახლთან და დამიწყეს „საქმის გარჩევა“, გინება, რომელიც გადაიზარდა მცირე ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში“, - ამბობს ოთარ სირაძე.

მისივე თქმით, „როგორც ჩანს „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, წინასაარჩევნო პერიოდი პროვოკაციების მოწყობისა და პოლიტიკურ ოპონენტებთან ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარმართოს“.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო „ახალგაზრდა მწვანეების“ ერთ-ერთმა აქტივისტმა მარიამ ვაწაძემ გადაიღო და გაავრცელა. მასალიდან ჩანს, რომ ოთარ სირაძე ავტომობილს ნამდვილად იმ ადგილას აჩერებს, სადაც დედამისი ცხოვრობს. იქვე, გზაზე იმყოფებიან „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტები, მათ შორის ნიკოლოზ ღლონტი. სირაძე ღლონტს ეკითხება, რა პრეტენზიები ჰქონდა მასთან. „მე მინდა, რომ თქვენ არ იყოთ. რამეს კარგს აკეთებთ თქვენ?“, - პასუხობს ღლონტი. სირაძე მას აგრესიულად უთითებს, რომ ამბროლაურში ყველაფერი მისი გაკეთებულია, რის შემდეგაც ყოფილი გუბერნატორი აქტივისტს სახეში არტყამს, მერე კი დაპირისპირება იწყება. ოთარ სირაძესთან ერთად იმყოფება მისი ძმა, დავით სირაძე, რომელიც ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს აქტივისტს იჭერს, ყოფილი გუბერნატორი კი მის ცემას განაგრძობს სახისა და თავის არეში და უცენზურო სიტყვებით აგინებს. ინციდენტი დაახლოებით 1 წუთი გრძელდება.

„ახალგაზრდა მწვანეების“ განცხადებით, ისინი არცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ წარმოადგენენ, მათ შორის არც მწვანეთა პარტიას. მათივე ინფორმაციით, ორგანიზაცია 2008 წელს დაფუძნდა, როგორც მწვანეთა პარტიის ახალგაზრდული ფრთა, თუმცა იდეოლოგიური განსხვავებების გამო, ისინი პარტიას გამოეყვნენ და დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდნენ. 

„რაც შეეხება ინციდენტს, 4 ივლისს, ონში, ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის დასრულების შემდგომ, ამბროლაურში, ერთ-ერთ ქუჩაზე შემთხვევით შეხვდნენ ოთარ სირაძე და ჩვენი წევრები, რა დროსაც ყოფილმა გუბერნატორმა მანქანიდან მათ უშვერი სიტყვებით მიმართა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ცოტა ხანში, ოთარ სირაძე და მისი ძმა გადმოვიდნენ მანქანიდან და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს წევრს, ნიკოლოზ ღლონტს, რაც დანარჩენებმა ვიდეო მასალაზე აღბეჭდეს.

აქვე, გვინდა გამოვეხმაუროთ ოთარ სირაძის მხრიდან ჩვენ მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას, რომ აქტივისტებისა და ყოფილი გუბერნატორის შეხვედრა იყო დაგეგმილი. როგორც აღმოჩნდა, სასტუმრო, სადაც ჩვენი წევრები ღამის გასათენებლად რჩებოდნენ, ოთარ სირაძის საცხოვრებლის მეზობლად მდებარეობდა. გარდა ამისა, ერთი და იმავე ადგილიდან თავდამსხმელები და აქციის მონაწილეები წამოვიდნენ ერთსა და იმავე დროს, ერთი მიმართულებით, შეხვედრა კი იყო სრულიად შემთხვევითი“.

„ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტები ლელა კვიტაშვილის საოჯახო სასტუმროში უნდა დაბინავებულიყვნენ, რომელიც ამბროლაურში, აღმაშენებლის N 30-ში მდებარეობს, ოთარ სირაძის საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 100 მეტრში.

„წინა დღეებში, როცა ონში ჰესების საწინააღმდეგო აქცია იგეგმებოდა, ჯგუფში „არა ონის კასკადს“ რამდენიმე აქტივისტმა დაწერა, რომ აქციაში მონაწილეობა სურდათ, მაგრამ ღამის გასათენებელი ადგილი და საშუალება არ ჰქონდათ. მე მათ იქვე, ჯგუფში მივწერე, რომ შეეძლოთ ღამე ჩემთან, ამბროლაურში გაეთიათ. მათ არც იცოდნენ, რომ მე საოჯახო სასტუმრო მაქვს. მასპინძლობა შევთავაზე. ონში ერთმანეთს აქციაზე შევხვდით. მე აქციიდან მალე წამოვედი, მანამდე კი მათ მივასწავლე, სადაც უნდა მოსულიყვნენ. როცა სასტუმროსკენ მოდიოდნენ, ამ დროს შეხვდნენ ისინი ერთმანეთს, შემთხვევით“, - უთხრა ლელა კვიტაშვილმა „რეგინფოს“.

ნიკოლოზ ღლონტმა ამბროლაურის პოლიციას იმავე საღამოს მიმართა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).

ოთარ სირაძეს და მის ძმას ბრალი დღეს, 16 ივლისს წარუდგინეს, თუმცა დანაშაულის კვალიფიკაცია შეიცვალა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (პრიმა პირველის „ბ“ პუნქტი) - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სსკ-ის 239-ე მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე.

ოთარ სირაძე ჯგუფურ ძალადობას უარყოფს.

„ჩემს ძმას, დათოს არ დაურტყამს, გაშველებას ცდილობდა. არანაირი ჯგუფური ძალადობა არ ყოფილა. ეს ინციდენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული. ისინი სუს-ის პროვოკატორები არიან.

თავს სამოქალაქო აქტივისტებს და „მწვანეებს“ უწოდებენ. ბიძინა ივანიშვილი რაჭაში, შაორის მიმდებარედ ბოლო რვა წელია გაუჩერებლად ჩეხავს უნიკალურ ტყეებს. მე და ჩემი მეგობრები ამას ვაპროტესტებთ, მაგრამ ასეთი ორგანიზაციების მხრიდან, არავისი ხმა არ გაგვიგია. იგივე  ითქმის ივანიშვილის მიერ გურიიდან, აჭარიდან, სამეგრელოდან მოთხრილ ხეებზე და გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე. სად იყვნენ ეს „ახალგაზრდა მწვანეები“? რატომ არასდროს არაფერი გაუპროტესტებიათ? იმიტომ, რომ ესენი სუს-ის მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, მხოლოდ და  მხოლოდ იმისთვის, რომ მოხდეს სხვადასხვა აქციებზე მათი გამოყენება ამ აქციების დისკრედიტაციის მიზნით, რათა როგორც აქციის ორგანიზატორებს, ისე მასში მონაწილეობის მსურველებს გაუჩნდეთ აქციებში მონაწილეობის კომპლექსი, არ მივიდნენ აქციაზე.

თუ მდინარე რიონზე ონის ჰესების კასკადის მშენებლობა დაიწყება, ჩვენ მზად ვართ ფიზიკური წინააღმდეგობა გავუწიოთ. როგორც კი გამოჩნდება პირველი ტრაქტორი თუ საბურღი მანქანა, ჩვენ მის წინ გავშლით კარავს და იძულებულები იქნებიან ან დაგვაპატიმრონ ან შეაჩერონ. ჩვენ წაგვიყვანენ, სხვები დაჯდებიან. ამ ჰესების მშენებლობა აქაურობისთვის განაჩენია“, - აღნიშნავს ოთარ სირაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრისთვის და მისი ძმისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ამბროლაურის სასამართლო 17 ივლისს იმსჯელებს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]