weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანმა ჩაანაცვლა, რომლის მეჯვარეც თორნიკე რიჟვაძეა

16:46 ხუთშაბათი, 16 ივლისი 2020

ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი დაინიშნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩიქოვანის მეჯვარეა.

TV 25-ის ჟურნალისტის კითხვაზე, გადადგომამდე რატომ დანიშნა მერის მოადგილედ არჩილ ჩიქოვანი, უკვე ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ უპასუხა: „ნამდვილად არ ვიცი სხვა ტიპის კავშირები, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა და ადამიანები, რომლებიც მზად არიან ამ პასუხისმგებლობის აღებისთვის, მათ უნდა მიეცეთ ამის საშუალება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ შემთხვევაში მე გავითვალისწინე გუნდური შეხედულება“.

პირდაპირი წესით არჩეულ მერს ლაშა კომახიძეს უფლებამოსილების ვადა 2021 წლის ოქტომბერში ეწურებოდა, თუმცა გასული კვირის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომახიძე გადადგა. ორშაბათს, 13 ივლისს, ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ მერი შვებულებაში გავიდა. დღეს, 16 ივლისს კი მერმა დაადასტურა, რომ უფლებამოსილება ვადამდე შეიწყვიტა. კომახიძე 15 ივლისამდე რომ გადამდგარიყო, მოქმედი კანონმდებლობით, მერის არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართებოდა. 

„გავითვალისწინე გუნდის შეხედულება. ჩემი მხრიდან, ნებისმიერი ტიპის სხვა გადაწყვეტილება, ვფიქრობ, იქნებოდა დამაზიანებელი ქალაქისთვის,  მოქალაქეებისა და მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომლებიც ახლა მიმდინარეობს“, - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მის მიმართ იძულებასა და ძალდატანებას ადგილი არ ჰქონია. მან ჭორი უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას „ქართულ ოცნებასთან“ უთანხმოების შესახებ.

„ჩვენ ახლაც გვაქვს აბსოლუტურად ნორმალური კოლეგიალური ურთიერთობები... „დამაზიანებელში“ ვგულისხმობ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ფაქტორს, რომ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქალაქი, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე, საბიუჯეტო შემოსავლების დანაკლისის ფონზე და ახლა საჭიროა ერთიანობა, გუნდურობა, მაქსიმალურად გვერდში დადგომა“, - აღნიშნა კომახიძემ.

გადამდგარმა მერმა არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიაში ჩასმაზე უარი უთხრა. მისი თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები ჯერ დასრულებული არ არის. მერმა ასევე უარყო ინფორმაცია, რომ თუ არ გადადგებოდა, მის დაპატიმრებას განიხილავდნენ.

ჟურნალისტებმა კომახიძეს ჰკითხეს, მასსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შორის იყო თუ არა დაპირისპირება, რაზეც კომახიძემ უპასუხა, რომ მათ ყოველთვის ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდათ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ გადადგა ბათუმის ვიცე-მერი ჯაბა ტუღუშიც. ლაშა კომახიძის ინფორმაციით, ტუღუშმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა: „მან ეს იმით ახსნა, რომ ერთი წლის წინ, ჩემთან ერთად შეუდგა ამ საპასუხისმგებლო სამუშაოს“.

კომახიძის განცხადებით, ტუღუშის განცხადების დაკმაყოფილების შემდეგ, ვიცე-მერი გახდა არჩილ ჩიქოვანი, რომელიც მერის მოადგილედ დღეს დანიშნა.

არჩილ ჩიქოვანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსად 2018 წელს დაინიშნა. 2017-2018 წლებში ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი იყო. ამ პერიოდს უკავშირდება სახელმწიფო აუდიტის ანგარიში, რომლის მიხედვითაც აჭარის გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის სამუშაოებში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა. პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის  კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის გაფლანგვა) და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), თუმცა გამოძიება არ დასრულდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]