weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის TV ტენდერებს იგებს – TI

16:26 პარასკევი, 17 ივლისი 2020

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (Transparency International) კვლევის თანახმად, ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინ ვარდანიანის ტელე-რადიო კომპანია „ფარვანამ“ 2014 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც ვარდანიანი თანამდებობაზე დაინიშნა, ნინოწმინდის ბიუჯეტიდან 320 645 ლარი მიიღო. 

TI-ის თანახმად, კონსტანტინ ვარდანიანმა „ფარვანა“ 2001 წლის 12 იანვარს, ოთხ ადგილობრივთან ერთად დააფუძნა და მიმდინარე წლის მარტამდე მისი ხელმძღვანელი იყო.

„ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ნინოწმინდის ადგილობრივი ტელეევიზიის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. 2013 წლის გაზაფხულიდან 2020 წლის მარტამდე, ვარდანიანს ორი თანამდებობა ეკავა, იგი „ფარვანას“ დირექტორიც იყო და ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც. ხელმძღვანელის პოზიცია ტელევიზიაში ვარდანიანმა მიმდინარე წლის 9 მარტს დატოვა და კომპანიის დირექტორად მისი მეუღლე, ალბინა ვარდანიანი დაინიშნა. თუმცა, ყველა სახელმწიფო შესყიდვა „ფარვანამ“ მანამდე მიიღო, ვიდრე ტელევიზიას კონსტანტინ ვარდანიანი ხელმძღვანელობდა“, - ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში. 

„ფარვანას“ ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები

TI-ის თანახმად, საკრებულოში ვარდანიანის არჩევამდე, 2011-2013 წლებში „ფარვანას“ ნინოწმინდის მუნიციპალურ ორგანიზაციებთან სულ 44 010 ლარის ღირებულების 5 გამარტივებული შესყიდვა ჰქონდა მიღებული თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, 2014-2020 წლებში კომპანიამ 339 745 ლარზე 12 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო.

კვლევის მიხედვით, „ფარვანამ“ უკონკურენტოდ გაიმარჯვა ნინოწმინდის მერიის 5 ტენდერში (ჯამში 250 000 ლარი), ნინოწმინდის მერიასთან და მის ააიპ-ებთან გააფორმა 4 გამარტივებული შესყიდვა (ჯამში 70 645 ლარი) და 2014-2016 წლებში, უკონკურენტოდ მოიგო საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ნინოწმინდაში გამოცხადებული 3 ტენდერი (ჯამში 19 100 ლარი).

„ნინოწმინდის მერია, 2014 წლიდან დღემდე, „ფარვანასთან“ სატელევიზიო მომსახურების შესყიდვაზე ერთწლიან ხელშეკრულებებს აფორმებს. შესაბამისად, კომპანია, მთელი წლის განმავლობაში, მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებს და ღონისძიებებს აშუქებს. არც ადგილობრივ რადიო „ნორს“, რომელიც ნინოწმინდაში 2012 წლიდან მაუწყებლობს და არც ადგილობრივ ინტერნეტ გამოცემა „ჯეინიუსს“, რომელიც ჯავახეთის ამბების გაშუქებაზე 2014 წლიდან აქტიურად მუშაობს, ნინოწმინდის მერიისგან სახელმწიფო შესყიდვა არასდროს მიუღიათ“, - ვკითხულობთ კვლევაში.

ხელშეკრულებები

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის მიხედვით, კონსტანტინ ვარდანიანი საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ნინოწმინდის ააიპ-ებთან ხელშეკრულებებს თავად აფორმებს, როგორც „ფარვანას“ დირექტორი. რაც შეეხება ნინოწმინდის მერიასთან „ფარვანას“ ხელშეკრულებებს, ყველა დოკუმენტში კომპანიის დირექტორად მისი მეუღლე ალბინა ვარდანიანია მითითებული.

„ერთ-ერთ დოკუმენტს, 35 000-ლარიან პირდაპირ შესყიდვაზე, ხელს კონსტანტინ ვარდანიანის უშუალო ხელმძღვანელი, ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანიც აწერს. თუმცა, საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანია „ფარვანასთან“ ალბინა ვარდანიანს (2020 წლის მარტამდე) ოფიციალური შემხებლობა არ აქვს.

კონსტანტინ ვარდანიანის მეუღლემ, ალბინა ვარდანიანმა შპს ტელეკომპანა „ფარვანა“, ნინოწმინდაში, 2015 წლის 22 ივნისს დააფუძნა. თავადაა მისი დირექტორიც და 100% წილის მფლობელიც, თუმცა, ამ შპს-ს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არასდროს მიუღია. გამოდის, რომ სახელმწიფო შესყიდვებს ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კონსტანტინ ვარდანიანის „ფარვანა“ ღებულობს (ს/კ 236686412), ხელშეკრულებებს კი სხვა კომპანიის, შპს „ფარვანას“ (ს/კ 436684134) დირექტორი აფორმებს.

ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობას კონსტანტინ ვარდანიანის „ფარვანა“ (ს/კ 236686412) იღებს, ამ კომპანიის სამართლებრივი ფორმა კი დაფუძნების დღიდან დღემდე ააიპ-ია, ხელშეკრულებების ნაწილში კომპანიის სამართლებრივ ფორმად მითითებული ხან სსიპ-ია, ხან კი შპს“, - ვკითხულობთ კვლევაში.

TI-ის კვლევის თანახმად ვარდანიანების კომპანია, ექვსი წელია, ნინოწმინდის მერიის ბალანსზე რიცხულ შენობაში უსასყიდლოდ ფუნქციონირებს. თავისუფლების N37-ში არსებული 273 კვ.მ. ფართობი, „ფარვანას“ უზურფრუქტის წესით 2015 წლის თებერვალში გადაეცა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ კონსტანტინე ვარდანიანი ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონს არღვევს, რადგან 2013 წლიდან დღემდე ქონებრივ დეკლარაციაში არ უთითებს არც მასზე და არც მის მეუღლეზე რეგისტრირებულ „ფარვანას“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, შეისწავლონ ტელე-რადიო კომპანია „ფარვანას“ თითოეული სახელმწიფო შესყიდვა და დაადგინონ ხომ არ იყო ეს შესყიდვები მისთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და იკვეთება თუ არა კორუფციის ნიშნები.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, კონსტანტინ ვარდანიანის ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]