weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარნეულში სუს-ის გააქტიურება ეთნიკური შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს - სოფო შამანიდი

13:49 შაბათი, 18 ივლისი 2020

პარტია „ლელოს“ ლიდერებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ ბრიფინგი გამართეს და მარნეულში, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერისა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველის, სოფო შამანიდის განცხადებით, მარნეულში დესტრუქციული ძალები გააქტიურდნენ, რაც ბადებს ეჭვს, რომ „მათი ქმედება შეთანხმებულია ხელისუფლებასთან“ და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული.

„მიუხედავად სუს-ის თითქოს და „კეთილი“ ზრახვებისა, მარნეულში შუღლის გაღვივების მცდელობები ისევ გრძელდება, თანაც ღიად, აქციებით. ამჯერად ბოლშევიკ ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსთან ერთად „ქართული მარში“ და „პრიმაკოვის ფონდი“ ითხოვენ.

რა ამოძრავებს რუსული მარშის ქართულ ვერსიას და იმ ფონდს, რომლის დამფინანსებელი ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში, კრემლის წინ, წითელ მოედანზე, არც მეტი, არც ნაკლები, ლენინი განისვენებს და რომლის დღევანდელი მეთაურიც საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობს?“ - განაცხადა სოფო შამანიდმა.

მინ სუს-ს მოუწოდა, „ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მოქმედი მართული და დესტრუქციული ძალები ეძებონ არა ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში, არამედ ფსევდოპატრიოტულ ძალებში, რომლებიც, პატრიოტულ ნიღაბს ამოფარებული, ქმნიან დაძაბულობას იქ, სადაც ეს ბუნებაში არ არსებობს“.

„აღკვეთონ ამ დესტრუქციული ძალების ქმედება, გამოიძიონ, საიდან ფინანსდებიან ეს ორგანიზაციები და ვის ინტერესებს ატარებენ ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით საყურადღებოა ამ ძალების გააქტიურება მაშინ, როდესაც ჩვენს ორ მეზობელ, მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა“, - განაცხადა სოფო შამანიდმა.

„ლელოს“ ლიდერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს, რომ მათი პირდაპირი მოვალეობაა ჯაშუშების გამოვლენა, საქართველოს კონსტიტუციური სუვერენიტეტის დაცვა და ეროვნული და ეთნიკური შუღლის გაღვივების ხელის შეშლა. სოფო შამანიდის შეფასებით, სუს-ი ამ მოვალეობას არ ასრულებს.

16 ივლისს, მარნეულის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით სასულიერო პირები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციას „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე, „ქართული იდეის“ ლიდერი ლევან ჩიჩუა, ჰომოფობიური აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი, პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ერეკლე საღლიანი და „ქართული მარშის“ აქტივისტები ესწრებოდნენ. აქციაზე სიტყვით გამოვიდა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი (ჯამდელიანი), რომელმაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, მარნეულის ცენტრიდან ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების საკითხი განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

30 მაისიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რასობრივი დისკრიმინაციის საქმეს იძიებს. სუს-ის განცხადებით, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას. 

გამოძიების ფარგლებში, სუს-ში გამოკითხვის მიზნით დაიბარეს მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტები, ასევე ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე. 16 ივლისს, მარნეულში გამართულ აქციაზე გამოსვლისას, ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ისიც გამოკითხეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]